Showing posts with label summer. Show all posts
Showing posts with label summer. Show all posts

Friday, August 31, 2012

WE ARE BACK! ზაფხულის ბოლო დღე თბილისში



ერთ-თვიანი პაუზის (ან თუ გინდა დავარქმევ სიზარმაცეს, დასვენებას, არდადეგებს) შემდეგ საბოლოოდ აღვსდექი და მზად ვარ ინფორმატორობა კვლავ შევითავსო, მითუმეტეს რომ მიმკვდარებული აგვისტოს მერე თბილისი როგორც იქნა ხალხით შეივსო, გამოცოცხლდა და შესაბამისად დღეს საღამოს/ღამე ე.წ. სეზონის გახსნა გველის.


აბა მოვემზადეთ!


პირველ რიგში უფრო მასშტაბურ ივენთს გამოვყოფდი, რომელიც 6 საათზე სკეიტ პარკში დაიწყება. ცოტა სკეპტიკურად აღვიქვამ ამ დროს იმიტომ, რომ ორგანიზატორების და თვითონ დიჯეების გარდა ამ დროს არასდროს არავინ არის ხოლმე დანიშნულების ადგილზე. მიუხედავად ამისა, ივენთის ვოლზე ირწმუნებიან ზუსტად დროზე დაიწყებაო. ნუ თუ სხვა საქმე არ გაქვთ, რატომაც არა. რაც ადრე და რაც მეტი, მით უკეთესი. რაც შეეხება ლაინ-აფს, თემატურად ახლოსმდგომი ადამიანები დაუკრავენ: ტომასი, ლაშა კრაფტი, Solar Eclipse, Forest, Stimmhalt. დასრულების დრო არსად მითითებული არაა, თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ რომ აფთერ-ფართი არის "დივანში" და იწყება 11 საათზე, ესეიგი სკეიტ პარკში ყველაფერი 10 საათისთვის დამთავრდება. ვისაც არ ეყოფა მუსიკის დოზა, უკვე კლუბურ გარემოში შეგიძლიათ მოუსმინოთ ტომასს და სოლარ ეკლიპსს.


ვინაიდან "დივანი" ვახსენე, აქვე ავღნიშნავ კიდევ ერთ ივენთს, რომელიც აქ 9-ის ნახევარზე დაიწყება. ეს იქნება ვიკეას და ოთოს დუეტი. რამდენადაც მსმენია, ვიკეა საკმაოდ ნიჭიერი შემსრულებელია, თუმცა როგორც ვხვდები იმდენად არ იქნება ორიგინალი სიმღერები, რამდენადაც ქავერები. ჯაზი, ალტერნატივა და საინტერესო ინტერპრეტაცია - აი ეს დაგხვდებათ წესით მათ ივენთზე.


გახსოვთ "პაპრიკა" ლერმონტოვის ქუჩაზე? (პურ-პურთან). ახლა იქ ბარ ლაბორატორიუმი ფუნქციონირებს. მართალია სულაც არ არის თითქოს საკლუბო გარემო, მაგრამ იმდენად მომწონს მისი აურა, რომ სიამოვნებით წავიდოდი დღეს ბაჩოს და სიხას სეტზე. დიახ, ეს დუო სწორედ კაფე გალერეას რეზიდენტები არიან. სიხა აგვისტოში ბათუმის ბევრ ივენთზე შემომხვდა და არასდროს გაუცრუებია იმედი, ბაჩოს და მისი ტანდემიც ენერგიულია და 8 საათზე იწყება.


კაფე-გალერეაც გამოცოცხლდა და დღეს ისევდაისევ ბაჩო და თომა აღმოჩნდებიან მიქშერთან 12-ის ნახევრიდან.



ვეჭვობ საკმაოდ ბევრს დააინტერესებს ბოლო და გემრიელ ლუკმად შემოტოვებული ივენთი - მთაწმინდის პარკში 10 საათიდან ღამის 2-მდე Greenbeam&Leon დაუკრავენ. 


მუსიკალური მხრივ დამეთანხმებით საკმაოდ ნორმალური არჩევანია.
რაც შეეხება, კინომოყვარულებს, კინო სახლმა განაახლა ფილმების ჩვენება და 6 საათზე მხოლოდ ერთ ლარად შეგიძლიათ იხილოთ კიმ კიდუკის "ცუდი ბიჭი" (ნეტა არსებობს "კარგი ბიჭის" ცნება სადმე)?


ჰევ ფან და გააპარასკევეთ ბოლომდე.





Wednesday, June 29, 2011

ალტერვიზიის დაბრუნება 1-წლიანი პაუზის შემდეგ

შარშანწინდელი ალტერვიზია და მის გარშემო ატეხილი დიდი ხმაური როგორ შეიძლება ვინმეს ყურამდე არ მისულიყო. ჯერ მარტო ის რად ღირდა რომ პირველად საქართველოში ჩატარდა ასეთი მასშტაბური ფესტივალი, საკმაოდ კარგი შემსრულებლების მონაწილეობით და თანაც ეს ყველაფერი სრულებით უფასოდ! after party ნაით ოფისში იყო და ყველაფერმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე.

წელს როგორც კი გაირკვა რომ ალტერვიზია ბრუნდებოდა, მოლოდინი ძალიან დიდი იყო. რასაკვირველია, ყველა ელოდა, რომ კიდევ უფრო უკეთესი და ცნობილი ჯგუფები მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ შედეგმა მოლოდინი არ გაამართლა და ალტერვიზია ჰოლივუდური ბლოკბასტერების სიქველივით უფერული აღმოჩნდა.

როდესაც ლაინ-აფი გამოქვეყნდა, ჩამოვუყევი ყველა უცხოურ ჯგუფს, რომ აზრზე ვყოფილიყავი ლაივში რას მოვუსმენდი, მაგრამ რად გინდა..ერთი ჯგუფის ერთ სიმღერასაც კი ვერ მოვუსმინე ბოლომდე და ისევ ადგილობრივი მუსიკოსების გამო თუ გადავწყვიტე მისვლა.

შაბათს წვიმიანი და წუნტლიანი ამინდის მიუხედავად იპოდრომზე საკმაო ხალხმრავლობა იყო, თუმცა ხალხის უმეტესობა მე მგონი თვითონ იპოდრომზე კი არა მის შემოგარენში უფრო შეინიშნებოდა. არ ვიცი ეს იმან გამოიწვია რომ ამჯერად შესვლა ფასიანი იყო და 5 ლარი დაენანათ მელომანებს თუ უბრალოდ არც ისინი იყვნენ დიდად აღფრთოვანებულები მონაწილეებით..მე მგონი მიზეზი მაინც ეს უკანასკნელია.

სველ ბალახზე დავსხედით, ლაპარაკში გავერთეთ და ერთადერთხელ მომინდა სცენასთან მისვლა, Me and My Monkey-ს დროს , სამწუხაროდ ნიკა კოჩაროვის ახალმა პროექტმა Z for Zulu დიდად არ აღმაფრთოვანა და არც დამამხსოვრდა, არადა ბავშვობაში YGLის სიყვარული ჯერ კიდევ შემორჩენილი მაქვს. სამაგიეროდ დამამახსოვრდა კომენტარები, რომლებსაც ნიკა სცენიდან ისროდა და ფსევდო თუ რეალურად თავისუფალი თინეიჯერობა მასთან ერთად სკანდირებდა.

საკითხავი ისაა, ამ შემთხვევაში ამართლებს თუ არა დიდად გავრცელებული კომენტარი, რომ რაღაც მაინც გაკეთდა და სულ არაფერს სჯობს. შეიძლება სულ არაფერს მართლაც სჯობდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამაზე უნდა გაკეთდეს გათვლა, ასე ხომ ყოველთვის სულ არაფერზე ოდნავ უკეთეს მაგრამ მაინც არაღირებულ პროდუქციას მივიღებთ.

მეორე დღეს არ მივსულვარ და მგონია რომ დიდი არაფერი დამიკარგავს. არადა ჩემი თავისგან მიკვირს რომ ამ ლაივს ისევ მრავალჯერ დატრიალებული Roof Sundayz-ს ტრეკები ვამჯობინე.



Tuesday, June 28, 2011

და მაინც რა ხდება თბილისში?

თბილისი გამოცოცხლდა თითქოს.
 
ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით ემჩნევა გააქტიურება ქალაქს. ჯერ მარტო ქუჩაში სეირნობისას ბევრად მეტ ნაცნობ სახეს ვხვდები, ალბათ ზამთრის სუსხმა და გაზაფხულის გადაუღებელმა წვიმებმა თავისი ქნა და დაუოკებელი მზე უკვე დიდად არავის აწუხებს. კი, ზოგი იმას უჩივის რომ უკვე სუნთქვა შეუძლებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა ქალაქი სავსეა, ქვაფენილები გადათელილი და რაც მთავარია რაც უფრო მეტი ივენთი იდება, მით მეტია მათზე მოთხოვნა.

და მართლაც, რა უნდა გააკეთო ერთ-ერთი პროვინციული ქვეყნის,პროვინციულ ქალაქში გარდა იმისა, რომ ალკოჰოლი შთანთქა ზომიერი და ცოტაც უზომო რაოდენობით და თავდავიწყებით იცეკვო იმის ფონზე კი არა რასაც შენი საყვარელი მუსიკა ქვია, არამედ უბრალოდ მუსიკის ფონზე. რატომ პროვინციული? ამას სულ ცოტა ხანში დავასაბუთებ.

აქ განიხილება ის ძირითადი მოვლენები, რომლების ორგანიზებაც ხდება და რახან გაგონილს , საკუთარი თვალით დანახული სჯობს, ამიტომ თავს არ მოგახვევთ ჩემს აზრს, მაგრამ აი იმას კი აუცილებლად დავაფიქსირებ, რასაც თავად ვხედავ.