Saturday, July 30, 2011

მოგონებებში გაცოცხლებული ჰოსტელი

საიდან დავიწყო არ ვიცი, დაწყებაა მთავარი მაინც, თორემ დამთავრებით ყველაფერი მთავრდება. მთავრდება ურთიერთობები, მეგობრობები, კინოები, საყვარელი სიმღერაც კი მთავრდება 3 თუ 4 წუთის შემდეგ, მაგრამ აი ზაფხული და შვებულებები ნამდვილად ყველაზე სწრაფად მთავრდება. გახედვას ვერ მოასწრებ, რომ მზიანი და ცხელი დღეები ხელებში ჩაგადნება და სექტემბრიდან ახალი სტარტის დაწყება გიწევს. და იმისთვის რომ ეს სტარტი იყოს უფრო მოტივირებული, აუცილებელია შვებულების სწორედ დაგეგმვა და არათუ დღეების არამედ საათების დაკარგვაც კი ფატალურია ამ დროს.

ჰოსტელში მიცხოვრია, რიგის ცენტრში და აქ დაბრუნების შემდეგ ფაქტიურად გამუდმებით "ნიხვატკაში" ვარ. 

არ დამავიწყდება: 

გულახდილ საუბრებს სრულებით უცხო ადამიანებთან. გულწრფელი ცრემლებიც ყოფილა, ისტერიკებიც და თან ისე არაფერი რომ არ გიტყდება იმიტომ, რომ ჰოსტელში გაცნობილ ადამიანებს შენზე არ აქვთ არანაირი წარმოდგენები, არც შენი კარგი თუ ცუდი რეპუტაცია ადარდებთ, არც რაიმეს მოლოდინი აქვთ და შეგიძლია ის თქვა და ისე მოიქცე, როგორც მოგეხუშტურება.

არც საერთო მაცივრიდან ღამის 4 საათზე მოპარული ჰოლანდიური ყველის გემო (მხოლოდ იმიტომ რომ კონკრეტულად იმ ყველის ჯინი გვჭირდა, თორემ ჩვენიც გვქონდა).

არც ნამთვრალევი კლუბიდან მოსვლა და მერე გერმანელ აიკთან ერთად საერთო სამზარეულოში ბლინების ჭამა (ფრანგული კოცნა ხომ არსებობს და წარმოიდგინეთ იგივე პრინციპით ხორციანი ბლინების მირთმევა და თან სამში! FFM).

არასდროს არ ამომიხტება თავიდან საერთო დაალკოჰოლებები ყოველ პარასკევ საღამოს (ხანდახან კი ყოველ საღამოსაც), თან საერთო საცხოვრებელი იმისაა, რომ ყველა ერთმანეთს უზიარებს რაღაცას და შესაბამისად წვეულებების დროს თითქმის ყველა ქვეყნის სასმელ-საჭმელები იყო გამოლაგებული.

პირველ სართულზე პოლონელი გოგოს და სლოვაკი ბიჭის გიჟური სექსის დროს გამოსული ოხვრა-კვნესა.

ექსკურსიების დაგეგმვასაც კი ერთად ვაკეთებდით, ჩავუსხდებოდით წიგნებს ან ინტერნეტ მასალებს და მერე დავბოდიალობდით ქალაქის უცხო ქუჩებში.

ყოველთვის იყვნენ საერთო ინტერესების მქონე ადამიანები, ყველას შეიძლება ვერ მოერგო თავისთავად, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება ერთი-ორი-სამი ისეთი, ვისი ჭკუისაც იქნები.

არ დამავიწყდება არც ის ათასგვარი მაიმუნობები და თამაშები რითიც თავს ვირთობდით.

ის კი არა, ღამე პლედშემოხვეულები ვუყურებდით კინოებს..

და ბოლოს რაც მთავარია, ჰოსტელებში არის რაღაც თავისებური კარმა თუ აურა. 

მოხვდებით თქვენ თვითონ Boombully-ში და გამიხსენებთ ამ სიტყვებს. 



Monday, July 18, 2011

Future Shorts One June @ Club 33a Vol.3




ივნისის Future Shorts One-ზე წარმოდგენილი მორიგი კინო

HEARTWORK
Dir. Nils Strüven / Germany / 2010



ისევ და ისევ მუსიკალურ კლიპს უფრო წააგავს, შეიძლება Roger Sanchez-ის Another Chance გაგახსენოთ, თუმცა ფაქტია, რომ ძალიან ბევრი აღმოაჩენს საკუთარ თავს ამ მოკლემეტრაჟიან ფილმში.



გეცნობათ ასეთი სიტუაცია? ცარიელი გაჩერება, ერთი ღერი სიგარეტი, ყურსასმენები, საყვარელი მუსიკა, რიტმს აყოლილი თითები, იზოლაცია ავტობუსში, კლუბური ღამეები, ალკოჰოლი, ბიჭები დარჩენილი კადრებად, one night stand, დილით სახლში გაღვიძება, ცივი საწოლი, ფინჯანი ყავა და ისევ ღამისთვის მზადება. კინოს გმირს ეს ყველაფერი ჩვეულ რიტმად აქვს ქცეული და არც ეტყობა თუ რაიმეს შეცვლა უნდა. მისთვის ცხოვრება გართობაა, წამიერი გართობა, ღამეების გადაგორება...მის სხვა მხარეს არ ვიცნობთ, არ ვიცით სწავლობს თუ მუშაობს, მთელი კვირის განმავლობაში იღლება თუ ისვენებს, მხოლოდ ვიცით რომ ღამის ცხოვრების მოყვარული გოგოა. მაგრამ არის ერთი რამ რაც ხელის შემშლელ ფაქტორად გვევლინება - ეს მისი გულია. უფრო სწორად კი ადამიანი-გულიკები. თავიდან, ბიჭი-გულიკი შემოდის სცენარში, რომელიც კლუბში ზის და სევდიანად ადევნებს თვალყურს გოგონას, რომელიც ახლადგაცნობილ ბიჭს ეცეკვება და მასთან ერთობა. გულიკი სექსის დროსაც მის გვერდითაა. მეორე ღამეს გოგონა სხვა ბიჭს ხვდება და აქ უკვე გოგონა-გულიკი ჩნდება. გულიკი გოგო-ბიჭი ახალ წყვილს ერთად ადევნებენ თვალყურს და სავარაუდოდ მთავარი გმირების გულის ამონარიდს წარმოადგენენ, მათ ყოფილ სიყვარულს, ის რისი დავიწყებაც ორივე გმირს სურს, მაგრამ მიუხედავად ყველა სიგიჟისა მუდამ თან სდევთ.
მორიგი გართობის შემდეგ, მთავარი გმირი გოგონა ცუდად ხდება, თითქოს გულის შეტევა აქვს, ვეღარ დადის, სუნთქვა უჭირს და გულს იგი თავის ახალ სიყვარულთან მიჰყავს. საბოლოო ჯამში ჩნდება ისეთი შთაბეჭდილება, რომ გოგო და ბიჭი ივიწყებენ ყოფილ გულის ტკივილს, წარსულს აბარებენ ექსებს და წინამორბედ სასიყვარულო ურთიერთობებს და მზად არიან ახალი ისტორიის დასაწყებად.

ძალიან შთამბეჭდავია საუნდტრეკი, რომელიც ფილმს თან სდევს, ასეთი თანხვედრა ტექსტის, მუსიკის და სცენარის იშვიათია.

I've been thinking too much about you
staring at the floor
I've listened to all the tunes I love,
that makes me feel quite blue

I've been thinking too much about you
see the sunset with no sleep at all
and I'm constantly thinking about you
and I can't get through this at all


Soundtrack: Trentemøller/Moan

Download: http://www30.zippyshare.com/v/8102651/file.html



Future Shorts One June @ Club 33a Vol.2


"Showstopper,
Panty dropper,
Everybody's favorite shocker,
Showstopper,
Panty dropper,
Everybodys favorite shocker,
Showstopper,
Panty dropper,
Everybody's favorite shocker,
Showstopper,
Panty dropper,
Everybody's favorite shocker"

Peaches-Show Stopper

შემდეგი კინო a la კლიპი უკვე Peaches შეეხება და მასში თავად Merrill Beth Nisker მონაწილეობს.






ორი ქალი. სრულებით განსხვავებული ორი სამყარო. ერთი - ლესბოსელი მეგავარკსვლავი, მეორე - ოჯახის დედა. რა ხდება როდესაც მათი გზები ერთმანეთს გადაკვეთს?
საუბარია ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ, დავარცხნილ-მოწესრიგებულ, შეიძლება ითქვას პედანტ მასაჟისტ ქალზე, რომელიც ქმარ-შვილს ემშვიდობება, იღებს თავის სამასაჟო მაგიდას და მიდის სასტუმროში Peaches-ის ვოკალისტთან. მასაჟის განმავლობაში, ვოკალისტს ინტერვიუს მიცემაც მოუწევს, რომელშიც აღიარებს რომ ლესბოსელია. შემდეგ იცვამს თავის საყვარელ მოტკეცილ სასცენო სამოსს და მასაჟისტს ეკითხება: Can you read my lips? (რასაკვირველია, გადატანითი მნიშვნელობით). მასაჟისტის გამომეტყველების მიხედვით, ფაქტია რომ მას სულაც არ სიამოვნებს უხერხული კითხვები და უარობს. სექსუალური ვოკალისტი იმავე მასაჟისტთან ერთად კონცერტზე მიდის და მის სამასაჟო მაგიდას სასცენო ატრიბუტად იყენებს. დაალკოჰოლებული აუდიტორია ათასგვარ გიჟობას სჩადის ამ მაგიდაზე, ნახევრად გახდილი გოგოები-ბევრი სასმელი-ცეკვა-ხმამაღალი მუსიკა - ეს ყველაფერი მასაჟისტს არაფრად აინტერესებს, მას მხოლოდ თავისი მაგიდა ანაღვლებს, რომელიც შოუს განმავლობაში "იხმარეს" და სავარაუდოდ არაფრად აღარ ივარგებს.

მასაჟისტი ცდილობს შეაგნებინოს მსმენელებს რომ სახიფათოა მაგიდაზე ასვლა და ცეკვა, თუმცა არაფერი გამოსდის და აქ კინო მთავრდება. გაურკვეველია, როგორც მასაჟისტის ასევე მისი მაგიდის ბედი, თუმცა იმედია Peaches აუნაზღაურებდა საფასურს და დავარცხნი;-მოწესრიგებული მასაჟისტიც სავარაუდოდ არასდროს გაეკარებოდა მსგავს "საეჭვო" კლიენტებს.

ასეთი დაპირისპირებები რეალურ ცხოვრებაში მართლაც ხშირად ხდება და დღემდე აქტუალურად რჩება კითხვა: და მაინც რა სჯობს - წინასწარ პროგნოზირებადი, ბანალური ყოველდღიურობა, მაგრამ კარგი რეპუტაცია, თუ ცხოვრება ყველა წესის დარღვევით, ყველა სურვილის დაკმაყოფილება, საზოგადოების თავზე გადავლა და ცუდი იმიჯი? აღიარეთ, რომ იყო "ცუდი" ყოველთვის ბევრად უფრო საინტერესოა!



Download: http://www.mediafire.com/?nw2togy4fg2



Future Shorts One June @ Club 33a Vol.1

Future Shorts One ერთ-ერთ წინა პოსტში ვახსენე. ივნისის ჩვენება კლუბ 33ა-ში 24 ივნისს ჩატარდა. ივლისის ივენთი, რომელიც პარასკევს კუს ტბაზე უნდა შემდგარიყო არასტაბილური ამინდის პროგნოზის გამო გადაიდო და ჯერ-ჯერობით დეტალებს ველოდებით. მანამდე კი მინდა რამდენიმე სიტყვა ივნისის პროგრამაზე ვთქვა.


BIG DAY
Dir. Emil Trier /  Norway / 2010

პრინციპში კინო ცოტა ხმამაღალი სახელია ვინაიდან მუსიკალურ კლიპს უფრო წააგავს, თუმცა დატვირთვა უდავოდ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ერთ-ერთი რიგით MTV-ზე დატრიალებულ კლიპს. კერძოდ, ნაჩვენებია როგორ ერთობიან და რა გიჟურად აღნიშნავენ ნორვეგიელი გოგონები სკოლის დამთავრებას. როგორც აღმოვაჩინე, ეს არის ერთგვარი ჩვეულება, სახელად Russ რომელიც 17 დღეს გრძელდება, 1-დან 17 მაისამდე ანუ სწორედ ამ ხნის განმავლობაში აღინიშნება სკოლის დამთავრება.

სკანდინავიელი გოგოები ცივი გარეგნობით არიან ცნობილები, მაგრამ რეჟისორმა აშკარად სახასიათო ტიპაჟები აარჩია..აი ისეთები, რომლებსაც ერთხელ ნახავ და გონებაში აღიბეჭდება. 

ყველაფერი იწყება ერთი ჩვეულებრივი, ბანალური სასკოლო დღით, გაკვეთილზე მთქნარებით, ჭუჭყიანი კეტასებით, შემდეგ უკვე ბოლო ზარია და მზადება წვეულებისთვის. ყირაზე გადასვლა, სასმელის თავზე გადასხმა, ბიჭებთან ზასაობა, სხვადასხვა თამაშები, მარკეტში გამყიდველების გადარევა, აჭრელება სხვადასხვა წარწერებით, უგონობამდე მისვლა და ბოლოს როგორ მთავრდება ყველაფერი? გამოგვიცდია ალბათ ყველას..დაცარიელებული გონება, რწყევა და ღამის მოგონებები გონებაში..საინტერესოა რომ გოგონებს ფორმებზე და გულსაკიდებზე Spirit of Ecstasy აწერიათ, იგივე წარწერა აქვს მათ დიდ ავტობუსს. ალბათ სწორედ ეს სამი სიტყვაა ის რაც გამოხატავს მათ თავდავიწყებას. ამ ყველაფრის შედარებაც არ შეიძლება ქართული რესტორნების პირობებში ჩატარებულ ბანკეტებთან. თავად ნახეთ და იპოვეთ 10 განსხვავება (და მეტიც). 


soundtrack:
http://mp3drug.to/mp3/get.php?5085-33130637-7a9e7c27e3d0-7addd78a9026e55474b7b1437ad7b590&title=Torgny_-_Big_Day.mp3



Sunday, July 17, 2011

Made in Georgia ექს-ღვინის ქარხანაში

გუშინდელი საღამო არა მარტო გამოფენით შემოიფარგლებოდა (რომელზეც წინა პოსტია), არამედ თბილისში კიდევ ერთი (განა რამდენია, თორემ კი) რეალურად კარგი ადგილის აღმოჩენითაც დასრულდა.

ყველაფერი ოდნავ ადრე დაიწყო. პარასკევ საღამოს კუს ტბაზე დაგეგმილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, რომელიც პრინციპში მთელს მსოფლიოში ყოველთვიურად ტარდება სახელით Future Shorts One. ივნისში კლუბ 33ა-ში იყო და რამდენიმე კინომ საკმაოდ დიდი შთაბეჭდილებაც დატოვა, ამიტომ ამას ცალკე გამოვყოფ და ცალკე პოსტში დავწერ ჩემს მოსაზრებას.




რაც შეეხება კუს ტბაზე დაგეგმილ ჩვენებას, პარასკევს ზუსტად ორი საათით ადრე დაწყების დრომდე, ფეისბუქის ივენთის "კედელზე" დაიწერა რომ 9 საათისთვის კოკისპირული წვიმა იყო გამოცხადებული და შესაბამისად აღარ ჩატარდებოდა, თუმცა მოგვიანებით დაწერდნენ ახალ ადგილს. რასაკვირველია, ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მათ შორის. ნაწილობრივ, გამართლებულიცაა იმიტომ, რომ ყველამ ფეისბუქიდან არ იცოდა ამ ჩვენების შესახებ და შესაძლებელია სხვა წყაროებიდანაც ჰქონდათ ინფორმაცია (თუმცა ვეჭვობ ასეთი ადამიანების % 5-ზე ნაკლებია), მაგრამ მეორეს მხრივ რა უნდა ექნათ სხვა ორგანიზატორებს? საიდანაც ელოდნენ აუდიტორიის უმეტეს ნაწილს, იქ დადეს აფდეითი. აქ მეორე "ნო" ჩნდება - იქნებ მე დილით ვნახე ივენთი, მერე მთელი დღე გავედი საქმეებზე/გამეთიშა ინტერნეტი/ფეისბუქზე აღარ შევსულვარ და საღამოს პირდაპირ კუს ტბაზე ავდივარ, ამ შემთხვევაში? აი ეს შემთხვევები დაფიქსირდა კიდეც და ბევრი მწარე კომენტარი დაიდო ორგანიზატორების გასაგონად, მაგრამ მაინც მადლობა მათ და განსაკუთრებული მადლობა ამინდის პროგნოზს (ნეტა სად ნახეს, ზოგი საიტი იმ საღამოს მხოლოდ ცვალებად მოღრუბლულობას იუწყებოდა) ზუსტად 10-ის ნახევარზე ელვები დაიწყო და ისეთი საშინელი წვიმა მოყვა, პირველივე წამებში ღია ფანჯრებში შემოასხა და ფაქტიურად სახლიდან გაუსვლელად გამწუწა და კუს ტბაზე საერთოდ რა იქნებოდა, წარმოდგენაც არ მსურს. ან თუნდაც წარმოვიდგინოთ: რამდენიმე ათეული (ალბათ ასეულიც) ადამიანი კუს ტბაზე, ამფითეატრში ჩამომსხდარი, მოლოდინში, თვალებგაფართოებული ეკრანს შევსცქერით და ამ დროს ბაც! და თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებთ, სრულიად გალუმპულები გავრბივართ სადღაც, ვახტებით ხის სკამებს, ვეფლობით მომენტალურად გაჩენილ ტალახში, თავშესაფარი კი არსადაა იმიტომ რომ ყველა მხრიდან და ყველა ხვრელიდან წყალი ასხამს და უფრო მეტიც, თანდათან წყლის დონე იწევს და....არა, ძალიან გამიგრძელდა მე მგონი.


დავუბრუნდეთ გადადებულ ივენთს. ისევე როგორც ივნისში, ამ ჯერზეც ჩვენების შემდეგ მუსიკალური ნაწილი იყო დაგეგმილი, რომლის ორგანიზებას კვლავ Made in Georgia აკეთებდა. პარასკევს ღამე გაირკვა, რომ ივენთი შაბათს შედგებოდა, მხოლოდ მუსიკალური ნაწილი ფილმების ჩვენების გარეშე (ანუ ეს სიამოვნება ჯერ კიდევ წინაა), ხოლო ადგილმდებარეობა - ყოფილი ღვინის ქარხანა მელიქიშვილის და პეტრიაშვილის კუთხეში - არაფრით მეცნო. 8 საათზე დაგეგმილი ივენთი რომ 10 საათზე დაიწყო გასაკვირი არაა ხომ? და ჩემი ზე-პუნქტუალურობა ისევ წყალში რომ ჩაიყარა ეგეც არაფერი. და თუ ორგანიზატორები ქარხნის გავსებას ელოდნენ, მაინც წყალში ჩაეყარათ შრომა და დაგვიანებული დორზ ოუფენი. რატომღაც ხალხი არც მოგვიანებით მომრავლდა, სამაგიეროდ მინდა განვაცხადო რომ ადგილი იყო ს უ პ ე რ ! სუპერმაგარი ადგილი, სუპერმაგარი განათებები, სუპერმაგარი მუსიკა-თქო ხმამაღალი ნათქვამი იქნება, მაგრამ Kung Fu Junkie-ს გამოსვლა რეალურად იმსახურებს ამ სიტყვას!


ჯანქების გარდა, უკრავდა Ujin Ray, Tomas, Gunfinger, Forest და Solar Eclipse. ბოლო ორს ბოლომდე ვერ მოვუსმინე, მაგრამ რაც იყო ენერგიული იყო, კარგი მუხტი მოჰქონდა და მე მგონი ადგილსაც მიუძღვის წილი იმაში რომ ასეთი დადებითი აურა იდგა.


როგორც ჩანს, Made in Georgia, როგორც საორგანიზაციო ჯგუფი გამოცდილი და დახვეწილია და უკვე მეორედ (რაც მე მახსოვს, მე მგონი გაგარინის მოედანზე მოწყობილი ივენთი პირველი იყო) საინტერესოდ წარმართავს ღონისძიებებს. ერთს კი ვისურვებდი: ან ლუდი შეცვალეთ, ან 0,5-იან ნატახტარს ნუ ყიდით 4 ლარად, ძალიან სირცხვილია!


პატივისცემით,

მე











გამოფენა ამირანში ანუ გიორგი ნებიერიძის Sweetest Beginning

გიორგი ნებიერიძე ფართოდ ცნობილი ფოტოგრაფია-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ჯერ კიდევ deviantart-იდან მოყოლებული საკმაოდ დიდხანს ვადევნებ თვალყურს მის ნამუშევრებს, რომლებიც საკმაოდ თვითმყოფადია და არაბანალური.





გუშინ - 16 ივლისის შაბათ საღამოს სწორედ გიორგის გამოფენა დაიგეგმა კინოთეატრ ამირანში. ფეისბუქის მიხედვით, SWEETEST BEGINNING მისი მეოთხე სოლო შოუ ყოფილა, თუმცა მეხსიერება თუ არ მატყუებს, ჩემთვის პირველი იყო, წინამორბედებს არ დავსწრებივარ. მართალია გამოფენის გახსნა 7 საათზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ ჩემი პუნქტუალურობა თითქმის არსად და არასდროს მადგება. 7 საათზე უცხო თვალი ვერც კი შეატყობდა, თუ კინოთეატრში რამე ხდებოდა..მხოლოდ კამერიანი ოპერატორი თუ მიგახვედრებდა, რომ რაღაც მზადება მიმდინარეობდა. ყველაფერთან ერთად, ჩემი ამხანაგიც აგვიანებდა და მარტომ შევაბიჯე ფოტოების დასათვალიერებლად.

ფოტოები ბევრი არ იყო, თუმცა გემოვნებით არჩეული, ყველაზე მეტად კი მათი დასათაურება მომეწონა. თითო პრინტის ფასი 25$ იყო. მე, როგორც დიად "მეცენატს" კინაღამ მსძლია სურვილმა ერთ-ერთი ფოტო შემესყიდა და ამითი პირველ რიგში გამოფენის ავტორი დამეფასებინა, მაგრამ გამახსენდა რა ჩემი ძალიან შორსმავალი გეგმები სულ ახლო მომავლისთვის, თავს ვსძლიე. სიმართლე რომ ვთქვა, განსაკუთრებული არაფერი მინახავს და ყველაფერთან ერთად ზოგიერთი ფოტო იმდენად ყოველდღიური და ჩვეულებრივი იყო რომ გამიკვირდა კიდეც საერთოდ რატომ აირჩა გამოფენისთვის, მაგრამ ყველას ხომ საკუთარი ხედვა აქვს. მე შეიძლება ვიფიქრო რომ ისეთი ფოტოების გადაღების შანსი და საშუალება ყოველდღე მაქვს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - არ ვიღებ. ამის შემდეგ გაჩნდება ალბათ კითხვა, თუ ფოტოები არასაინტერესოდ გეჩვენა, აბა ყიდვა რატომ გინდოდაო. პასუხი მარტივია: ვბედნიერდები, როდესაც ადამიანებს სიამოვნებას ვანიჭებ, თუნდაც ძალიან უბრალო ჟესტით, თუნდაც სულ უცნობებს. ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ გიორგის ძალიან გაუხარდებოდა თითოეული პრინტის გაყიდვა..არა მატერიალური მხარის გამო, არამედ იმიტომ, რომ რადგან ყიდულობენ, ესეიგი მოსწონთ და რადგან მოსწონთ, ეს უკვე ძალიან დიდი სტიმულია საკუთარი საქმიანობის გაგრძელებისთვის.

აქვე იმას დავამატებ, რომ გამოფენას თან სდევდა პატარა a la fourchette სნექებით და მინერალური წყლით. ჭიქებში რაღაც ყვითელი სითხეც შევნიშნე, რომელიც თავიდან შამპანური მეგონა, მაგრამ ღვინო აღმოჩნდა. ხალხი გამოფენის დასათვალიერებლად 8 საათისთვის უფრო მომრავლდა, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხანდახან დაგვიანება დროულად მისვლას ნიშნავს.

და მაინც, გიორგი ნებიერიძეს ბევრად უკეთესი ფოტოები აქვს, ვიდრე გუშინ იყო წარმოდგენილი და იმედია მომავალში მისი გამოფენები უფრო გაამართლებს. მიმდინარე გამოფენა კი ამირანში 30 ივლისამდე იქნება, ასე რომ თუ ამ პოსტამდე არ იცოდით რას განვიხილავდი, შეგიძლიათ გაიაროთ და თავად ნახოთ.









































Friday, July 15, 2011

დამზადებული საქართველოში ანუ Made in Georgia და ღამის თევები

პარასკევი – 8 ივლისი.
დილიდან სახლი–სამსახური–შესვენება (პერეკური)–ისევ ოფისი–კომპანიონის ძებნა–პოვნა–სამსახურის ეზოში მოსხდომა–ალკოჰოლი–ენერგეტიკული სასმელი–მეგობრის დახვედრა–არეული სიარული–მაღაზია–სიგარეტები–"თქვენც ნასვამი ხართ", ვეკითხები სიცხისგან გაბრუებულ გამყიდველს–ტაქსი–გაგარინი–ვერ ვაგნებთ–ისევ ტაქსი–დიდი წრე მოედნის გარშემო–და ბოლო დანიშნულების ადგილი...



ასე იწყებოდა ის საღამო, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირზე დილის 6 საათამდე გაგრძელდა (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში). ივენთი 5 საათზე იყო დაგეგმილი, ჩვენ 8 საათისთვის მივედით, მაგრამ ხალხი ჯერ კიდევ არ იყო შეკრებილი, რამდენიმე ფოტოგრაფი შეინიშნებოდა და მონაწილეები ძირითადად.

როგორ დაბნელდა და როგორ მომრავლდა ხალხი, არც კი დამიფიქსირებია, ყველაფერი კადრებად დაიშალა ელვის სისწრაფით იცვლებოდა. ხალხმრავლობა დაახლოებით 1–2 საათამდე იყო, მერე თანდათან დაიფანტა აუდიტორია. ლაინ–აფმა გაამართლა, ვინაიდან თითქმის გაუჩერებლად ვცეკვავდით რამდენიმე საათი, განსაკუთრებული ენერგიებით მმუხტავს The Forest, Tomma, Gio Shengelia, Vako Key და შედარებით ახლად გამოჩენილი Black Brazzers.

ჯერ ჩემი ერთი მეგობარი წავიდა აეროპორტში ნათესავის დასახვედრად, შემდეგ მეორე გაიქცა სადღაც დიდ დიღომში (და იქ კინაღამ დიკარგა) და დავრჩი მარტო..ნუ მარტო რა, ნაცნობები იყვნენ სულ გარშემო, მაგრამ მაინც მარტო...და მიუხედავად ამისა, მშვენივრად გავერთე. დილის 6 საათზე, როდესაც უკვე მოვდიოდი, დენსფლორზე კაციშვილი აღარ იყო, დაცვას თივის ზვინებზე ეძინა, ხოლო მუსიკა კვლავ ისმოდა..და ვინ უკრავდა? ბაჩი...რომელსაც ალბათ წარმოედგინა, რომ მთელი სამყარო მის ფეხქვეშ იყო ცარიელ მინდორზე.

მეორე დღე ანუ შაბათი ლაივ მუსიკას დაეთმო. ძირითადად მხოლოდ Kung Fu Junkie მაინტერესებდა, თან ისე დაემთხვა რომ ზუსტად მათი გამოსვლის დროს ავედით, სადღაც 9 საათისთვის, მანამდე ვაკის პარკში ვიყავი..33ა–შიც იყო დაგეგმილი ივენთი, უცხოელი დიჯეებით და ვიზუალებით, მაგრამ რატომღაც მაინც ფესტივალზე გასვლა ვარჩიეთ. მახსოვს ზომბი–თავის გაგიჟება–ხტუნაობა–ძალიან ბევრი უცხო სახე–ფოტოკამერები–კამერები–ლუდი–კიდევ ცეკვა–წვიმა–თავის შეფარება–გალუმპვა–ტალახი–ბევრი ტალახი–მუსიკის გათიშვა–ისევ განახლება–"არ მინდა ჯერ სახლში"–ტაქსი–ჩემი საწოლი.

კვირას გარეთ ფეხიც არ გამიდგამს..Roof Sundayz Vol.4 გამოვტოვე "ჩემდა სამარცხვინოდ", თუმცა როგორც აღმოვაჩინე ისევ კრუიზში იყო და დიდად არც განმიცდია, რომ არ მივედი.