Sunday, July 17, 2011

გამოფენა ამირანში ანუ გიორგი ნებიერიძის Sweetest Beginning

გიორგი ნებიერიძე ფართოდ ცნობილი ფოტოგრაფია-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ჯერ კიდევ deviantart-იდან მოყოლებული საკმაოდ დიდხანს ვადევნებ თვალყურს მის ნამუშევრებს, რომლებიც საკმაოდ თვითმყოფადია და არაბანალური.





გუშინ - 16 ივლისის შაბათ საღამოს სწორედ გიორგის გამოფენა დაიგეგმა კინოთეატრ ამირანში. ფეისბუქის მიხედვით, SWEETEST BEGINNING მისი მეოთხე სოლო შოუ ყოფილა, თუმცა მეხსიერება თუ არ მატყუებს, ჩემთვის პირველი იყო, წინამორბედებს არ დავსწრებივარ. მართალია გამოფენის გახსნა 7 საათზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ ჩემი პუნქტუალურობა თითქმის არსად და არასდროს მადგება. 7 საათზე უცხო თვალი ვერც კი შეატყობდა, თუ კინოთეატრში რამე ხდებოდა..მხოლოდ კამერიანი ოპერატორი თუ მიგახვედრებდა, რომ რაღაც მზადება მიმდინარეობდა. ყველაფერთან ერთად, ჩემი ამხანაგიც აგვიანებდა და მარტომ შევაბიჯე ფოტოების დასათვალიერებლად.

ფოტოები ბევრი არ იყო, თუმცა გემოვნებით არჩეული, ყველაზე მეტად კი მათი დასათაურება მომეწონა. თითო პრინტის ფასი 25$ იყო. მე, როგორც დიად "მეცენატს" კინაღამ მსძლია სურვილმა ერთ-ერთი ფოტო შემესყიდა და ამითი პირველ რიგში გამოფენის ავტორი დამეფასებინა, მაგრამ გამახსენდა რა ჩემი ძალიან შორსმავალი გეგმები სულ ახლო მომავლისთვის, თავს ვსძლიე. სიმართლე რომ ვთქვა, განსაკუთრებული არაფერი მინახავს და ყველაფერთან ერთად ზოგიერთი ფოტო იმდენად ყოველდღიური და ჩვეულებრივი იყო რომ გამიკვირდა კიდეც საერთოდ რატომ აირჩა გამოფენისთვის, მაგრამ ყველას ხომ საკუთარი ხედვა აქვს. მე შეიძლება ვიფიქრო რომ ისეთი ფოტოების გადაღების შანსი და საშუალება ყოველდღე მაქვს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - არ ვიღებ. ამის შემდეგ გაჩნდება ალბათ კითხვა, თუ ფოტოები არასაინტერესოდ გეჩვენა, აბა ყიდვა რატომ გინდოდაო. პასუხი მარტივია: ვბედნიერდები, როდესაც ადამიანებს სიამოვნებას ვანიჭებ, თუნდაც ძალიან უბრალო ჟესტით, თუნდაც სულ უცნობებს. ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ გიორგის ძალიან გაუხარდებოდა თითოეული პრინტის გაყიდვა..არა მატერიალური მხარის გამო, არამედ იმიტომ, რომ რადგან ყიდულობენ, ესეიგი მოსწონთ და რადგან მოსწონთ, ეს უკვე ძალიან დიდი სტიმულია საკუთარი საქმიანობის გაგრძელებისთვის.

აქვე იმას დავამატებ, რომ გამოფენას თან სდევდა პატარა a la fourchette სნექებით და მინერალური წყლით. ჭიქებში რაღაც ყვითელი სითხეც შევნიშნე, რომელიც თავიდან შამპანური მეგონა, მაგრამ ღვინო აღმოჩნდა. ხალხი გამოფენის დასათვალიერებლად 8 საათისთვის უფრო მომრავლდა, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხანდახან დაგვიანება დროულად მისვლას ნიშნავს.

და მაინც, გიორგი ნებიერიძეს ბევრად უკეთესი ფოტოები აქვს, ვიდრე გუშინ იყო წარმოდგენილი და იმედია მომავალში მისი გამოფენები უფრო გაამართლებს. მიმდინარე გამოფენა კი ამირანში 30 ივლისამდე იქნება, ასე რომ თუ ამ პოსტამდე არ იცოდით რას განვიხილავდი, შეგიძლიათ გაიაროთ და თავად ნახოთ.









































3 comments:

  1. ფოტოს დასათაურება მნიშვნელოვნად ცვლის მის ბედს...

    ReplyDelete
  2. მე ვთვლი რომ რაღაც გარკვეულ ამინდს ქმნის ) თუმცა თუ სათაურის გარეშეც აშკარაა ფოტოს აზრი, მაშინ აღარ დაჭირდება კონცეპტუალური სათაურები მთავარი მიზნის გადმოსაცემად, ვოტ

    ReplyDelete
  3. რა კარგია ხანდახან საკუთარი სახელის და-Google-ვა. : )
    გიორგი ნებიერიძე.

    ReplyDelete