Monday, July 11, 2011

რა მოხდა 1 ივლისს ანუ თეატრალური საღამო გაგრძელებული კლუბში

სამწუხაროდ, წინამორბედი პოსტის შემდეგ საკმაოდ დიდი პაუზის აღება მომიწია..მიზეზები საკმაოდ ადეკვატურია, მაგრამ მოდი აქ არ დავწერ და შეეცადეთ სიტყვაზე დამიჯეროთ..


ერთი სიტყვით ამოვქექავ 12 დღის წინანდელ მოგონებებს და დავიწყებ 1 ივლისს, პარასკევ საღამოს მომხდარი მოვლენებით. როგორც მოლოდინის პოსტში ავღნიშნე, არდიფესტზე გავემართე, თანაც სამსახურის მერე პირდაპირ მომიწია გასვლა მაღალ პლატფორმებზე აკონწიალებულს, არადა ლესელიძეზე ასეთ "ვიდზე" სიარული ცუდად მაქვს დაცდილი და ფეხშიშველა ტანტალით დამთავრებული, მაგრამ ეს იყო მაშინ, ამჯერად ყველაფერმა მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ჩაიარა.
ჩემს მეგობარს შევხვდი ძველ მერიასთან. ბილეთები დაბრონილი ქონდა და მართალია სპექტაკლი 8-ის ნახევარზე იწყებოდა, მაგრამ ზუსტად 7 საათზე და 01 წუთზე სამეფო უბნის თეატრის სალაროებთან ვიყავით გამოჭიმული..იყო 5 და 7-ლარიანი ბილეთები, არც არავის უკითხავს რომელი გვინდოდა, პირდაპირ 7-ლარიანებზე ამოგვირტყეს ჩეკები და ჩვენც რასაკვირველია დიდი პრეტენზიების გარეშე დავეუფლეთ სასურველ ბილეთებს. მერე ცოტა ხანი გავისეირნეთ, მარკეტში ჩავედით, ვიღაც ორმა ბიჭმა დალევა შემოგვთავაზა სპექტაკლებამდე, მაგრამ მკაცრად ვიუარეთ, ბოლო-ბოლო თეატრში უნდა შევსულიყავით და არა რომელიღაც კონცერტზე მერე რომც არ ნანობ დიდად არაფერი რომ არ გახსოვდა. ის ბიჭები მოგვიანებით ჩვენს რიგში და ჩვენს გვერდზე ადგილებზეც აღმოჩნდნენ, რამაც დამთხვევების არსებობაში რაღაც პროცენტით კიდევ უფრო დამარწმუნა, მაგრამ ეს იქით იყოს.
სავარაუდოდ, არდიფესტზე უკვე ბევრი დაიწერა, კონკრეტულად იმ დღის შთაბეჭდილებებიც იყო გადმოცემული, უბრალოდ მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ იმედგაცრუებული დავრჩი. რომელი თეატრის კრიტიკოსი მე ვარ (ნუ, კინომცოდნეობაზე რახან ვსწავლობდი, იმაზე კიდე უფრო დავდებდი თავს), მაგრამ სრულ გაუგებრობაში ჩავვარდი რამ გადააწყვეტინა რეჟისორებს იმ პიესების არჩევა, რომლებიც საღამოს განმავლობაში ვიხილეთ. რეალურად პროგრამაში 3 სპექტაკლი იყო, მათ შორის ჩემთვის მეტ-ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა "სრულიად საქართველოს მოსახლეობის აზრი". პიესის ავტორი და რეჟისორი იოსებ ბაკურაძეა და ნინუცა მაყაშვილის ტიპაჟმა დიდად მომხიბლა. თუმცა ერთი რამ დასაფიქსირებელია, მე მგონი ჩემ გარდა ყველა მეგობრის თუ ნათესავის ნამუშევრის სანახავად იყო მისული იმიტომ რომ ყოველი ანტრაქტის შემდეგ დარბაზში სულ უფრო ცოტა და ცოტა ხალხი რჩებოდა.
ვინაიდან, როგორც ზევით აღვნიშნე დიდად არ მოვიხიბლე ამ დღის საფესტივალო პროგრამით, დიდი სურვილი აღარ გამჩენია მომდევნო დღეებზე მისვლა, თუმცა გული მწყდება, მაინც მგონია რომ გამოერეოდა რამდენიმე ღირებული დადგმა 3 ივლისის ჩათვლით.

თეატრი იქით იყოს და პარასკევი ღამე არ იპარასკევებს თუ ღამე ბევრ მეგობართან ერთად სადმე არ გაერთე ხომ? ხოდა მეც საკმაოდ დიდ წრეში აღმოვჩნდი, სასიამოვნო ადამიანებთან ერთად, დავლიეთ, სურათები გადავიღეთ, ტაქსში ერთმანეთს დავასხედით და მარჯანიშვილზე ანტიდოტისკენ ავიღეთ გეზი. დიახ, სწორედ იმ "მოდელების და ფოტოგრაფების" ფართიზე, სადაც ერთადერთი მე ვიღებდი მგონი ფოტოებს და მოდელები...? მოდი ამაზე ჩუმად ვიქნები..არცერთი მოდელი ან რეალურად მოდელის აღნაგობის მქონე გოგონა მე იქ არ შემიმჩნევია. არ ვიცი ეს ახალი წესია ხალხის მიზიდვის თუ რა ჩანაფიქრი ქონდათ ორგანიზატორებს, მაგრამ აშკარად ბევრს რომ გაუცრუვდა იმედი, ეს ფაქტია, განსაკუთრებით მათ ვინც გრძელფეხება გოგონების დასათვალიერებლად იყო ჩასული და თვალს წყალი ვერ დაალევინეს, შესაბამისად ცეკვის სურვილიც გაუქრათ და მალევე დატოვეს თავშეყრის ადგილი. და მაინც, ივენთი წარმატებული იყო, თუნდაც იმიტომ რომ მგონი ანტოდიტში ამდენი ხალხი ერთად არასდროს ყოფილა, მუსიკაც ისეთი იყო, ბავშვობისდროინდელი ჰიტების (California Love) და საყვარელი დიჯეების (Fred Falke)  ნაზავი, რამე ახალი მოვისმინე-მეთქი ვერ ვიტყვი.
და ასე, დილის 4-5 საათამდე დავრჩით, კლუბი თანდათან ცარიელდებოდა, მე თანდათან ძალა მეცლებოდა და ღამე საკმაოდ უშფოთველ ძილს ველოდი, მაგრამ რად გინდა..ინსომნია რისი ინსომნიაა გაგახაროს და შაბათი დღეც დილაადრიან დავიწყე, თუმცა აი შაბათს რა მოხდა, ეს უკვე მომდევნო პოსტის მასალაა.






No comments:

Post a Comment