Sunday, July 17, 2011

Made in Georgia ექს-ღვინის ქარხანაში

გუშინდელი საღამო არა მარტო გამოფენით შემოიფარგლებოდა (რომელზეც წინა პოსტია), არამედ თბილისში კიდევ ერთი (განა რამდენია, თორემ კი) რეალურად კარგი ადგილის აღმოჩენითაც დასრულდა.

ყველაფერი ოდნავ ადრე დაიწყო. პარასკევ საღამოს კუს ტბაზე დაგეგმილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, რომელიც პრინციპში მთელს მსოფლიოში ყოველთვიურად ტარდება სახელით Future Shorts One. ივნისში კლუბ 33ა-ში იყო და რამდენიმე კინომ საკმაოდ დიდი შთაბეჭდილებაც დატოვა, ამიტომ ამას ცალკე გამოვყოფ და ცალკე პოსტში დავწერ ჩემს მოსაზრებას.




რაც შეეხება კუს ტბაზე დაგეგმილ ჩვენებას, პარასკევს ზუსტად ორი საათით ადრე დაწყების დრომდე, ფეისბუქის ივენთის "კედელზე" დაიწერა რომ 9 საათისთვის კოკისპირული წვიმა იყო გამოცხადებული და შესაბამისად აღარ ჩატარდებოდა, თუმცა მოგვიანებით დაწერდნენ ახალ ადგილს. რასაკვირველია, ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მათ შორის. ნაწილობრივ, გამართლებულიცაა იმიტომ, რომ ყველამ ფეისბუქიდან არ იცოდა ამ ჩვენების შესახებ და შესაძლებელია სხვა წყაროებიდანაც ჰქონდათ ინფორმაცია (თუმცა ვეჭვობ ასეთი ადამიანების % 5-ზე ნაკლებია), მაგრამ მეორეს მხრივ რა უნდა ექნათ სხვა ორგანიზატორებს? საიდანაც ელოდნენ აუდიტორიის უმეტეს ნაწილს, იქ დადეს აფდეითი. აქ მეორე "ნო" ჩნდება - იქნებ მე დილით ვნახე ივენთი, მერე მთელი დღე გავედი საქმეებზე/გამეთიშა ინტერნეტი/ფეისბუქზე აღარ შევსულვარ და საღამოს პირდაპირ კუს ტბაზე ავდივარ, ამ შემთხვევაში? აი ეს შემთხვევები დაფიქსირდა კიდეც და ბევრი მწარე კომენტარი დაიდო ორგანიზატორების გასაგონად, მაგრამ მაინც მადლობა მათ და განსაკუთრებული მადლობა ამინდის პროგნოზს (ნეტა სად ნახეს, ზოგი საიტი იმ საღამოს მხოლოდ ცვალებად მოღრუბლულობას იუწყებოდა) ზუსტად 10-ის ნახევარზე ელვები დაიწყო და ისეთი საშინელი წვიმა მოყვა, პირველივე წამებში ღია ფანჯრებში შემოასხა და ფაქტიურად სახლიდან გაუსვლელად გამწუწა და კუს ტბაზე საერთოდ რა იქნებოდა, წარმოდგენაც არ მსურს. ან თუნდაც წარმოვიდგინოთ: რამდენიმე ათეული (ალბათ ასეულიც) ადამიანი კუს ტბაზე, ამფითეატრში ჩამომსხდარი, მოლოდინში, თვალებგაფართოებული ეკრანს შევსცქერით და ამ დროს ბაც! და თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებთ, სრულიად გალუმპულები გავრბივართ სადღაც, ვახტებით ხის სკამებს, ვეფლობით მომენტალურად გაჩენილ ტალახში, თავშესაფარი კი არსადაა იმიტომ რომ ყველა მხრიდან და ყველა ხვრელიდან წყალი ასხამს და უფრო მეტიც, თანდათან წყლის დონე იწევს და....არა, ძალიან გამიგრძელდა მე მგონი.


დავუბრუნდეთ გადადებულ ივენთს. ისევე როგორც ივნისში, ამ ჯერზეც ჩვენების შემდეგ მუსიკალური ნაწილი იყო დაგეგმილი, რომლის ორგანიზებას კვლავ Made in Georgia აკეთებდა. პარასკევს ღამე გაირკვა, რომ ივენთი შაბათს შედგებოდა, მხოლოდ მუსიკალური ნაწილი ფილმების ჩვენების გარეშე (ანუ ეს სიამოვნება ჯერ კიდევ წინაა), ხოლო ადგილმდებარეობა - ყოფილი ღვინის ქარხანა მელიქიშვილის და პეტრიაშვილის კუთხეში - არაფრით მეცნო. 8 საათზე დაგეგმილი ივენთი რომ 10 საათზე დაიწყო გასაკვირი არაა ხომ? და ჩემი ზე-პუნქტუალურობა ისევ წყალში რომ ჩაიყარა ეგეც არაფერი. და თუ ორგანიზატორები ქარხნის გავსებას ელოდნენ, მაინც წყალში ჩაეყარათ შრომა და დაგვიანებული დორზ ოუფენი. რატომღაც ხალხი არც მოგვიანებით მომრავლდა, სამაგიეროდ მინდა განვაცხადო რომ ადგილი იყო ს უ პ ე რ ! სუპერმაგარი ადგილი, სუპერმაგარი განათებები, სუპერმაგარი მუსიკა-თქო ხმამაღალი ნათქვამი იქნება, მაგრამ Kung Fu Junkie-ს გამოსვლა რეალურად იმსახურებს ამ სიტყვას!


ჯანქების გარდა, უკრავდა Ujin Ray, Tomas, Gunfinger, Forest და Solar Eclipse. ბოლო ორს ბოლომდე ვერ მოვუსმინე, მაგრამ რაც იყო ენერგიული იყო, კარგი მუხტი მოჰქონდა და მე მგონი ადგილსაც მიუძღვის წილი იმაში რომ ასეთი დადებითი აურა იდგა.


როგორც ჩანს, Made in Georgia, როგორც საორგანიზაციო ჯგუფი გამოცდილი და დახვეწილია და უკვე მეორედ (რაც მე მახსოვს, მე მგონი გაგარინის მოედანზე მოწყობილი ივენთი პირველი იყო) საინტერესოდ წარმართავს ღონისძიებებს. ერთს კი ვისურვებდი: ან ლუდი შეცვალეთ, ან 0,5-იან ნატახტარს ნუ ყიდით 4 ლარად, ძალიან სირცხვილია!


პატივისცემით,

მე











No comments:

Post a Comment