Tuesday, July 17, 2012

რა არ ხდება თბილისში და რატომ უნდა გადავბარგდეთ ბათუმში

არ ვიცი თქვენი კვირაც თავიდანვე ასე ჩაფუშულად დაიწყო თუ არა, მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ზაფხული არ ზაფხულობს, მითუმეტეს შარშანდელ ზაფხულს რომ ვიხსენებ, აშკარად უფრო მეტი წასასვლელი იყო და უფრო მეტი ღონისძიება იგეგმებოდა. ვერც იმას ვიხსენებ კონკრეტულად სად დავდიოდი, მაგრამ ფაქტია რომ არ ვწუწუნებდი დიდად და უმეტესწილად კმაყოფილებას გამოვთქვამდი.

ასეა თუ ისე, დღეს პატარ-პატარა გამონათებები გველის..არა, ალბათ ერთი გამონათება, კერძოდ კანუდოსის ლაივი. წინა კვირას რომ ვიყავი, დავწერე ფიდბეკი და იმდენად მომეწონა და გავერთე რომ დღესაც არ ვიტყოდი უარს გავლაზე. ლაივი იწყება 9 საათზე, მუსიკა კარგია და ქავერებიც არ არის "პეროვის ყაიდაზე მოჭრილი", ასე რომ უიქენდამდე გზა საფუძვლიანად შემოკლდება საღამოს აქ თუ გავივლით.

თბილისელებისთვის დიდად გასახარია-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ დღეებში თუ ბათუმში გადანაცვლებას ან ცოტა ხნით გადასვლას მაინც აპირებთ, იქ მთელი 5 დღის განმავლობაში - დაწყებული დღეიდან და კვირის ჩათვლით ქართული ბენდები და შემსრულებლები (ZurGi, LOUDspeakers, The Balloon Shooters, SalioDato Lomidze & The Jet Bird, AnichkA & Coo) ბათუმის ბულვარში იქნებიან გაფანტული და სხვადასხვა ლოკაციებზე დაუკრავენ აკუსტიკურად. ეს ისეთი შემთხვევაა როცა შეიძლება თბილისში სულაც არ დადიოდე მათ კონცერტებზე, არ უსმენდე, მაგრამ ბათუმის აურა და გარემო ყველაფერს ბევრად უფრო მიმზიდველად წარმოაჩენს, იმდენად მიმზიდველად რომ დღეს კინაღამ მეც გამგზავრება გადავწყვიტე, მანქანა რომ მყავდეს ალბათ ვერც ვერაფერი შემიშლიდა ხელს და დღეს საღამოს დაგეგმილ პირველ ლაივსაც ჩავუსწრებდი. 

ბათუმი არა მხოლოდ ზემოთხსენებული ივენთის გამო იქნება ხალხით გადატვირთული, გუშინ უკვე დაიწყო ყოველწლიური ჯაზ ფესტივალი (რომელზეც უკლებლივ ყოველ ზაფხულს ვგეგმავ წასვლას და მაინც თბილისში ამოვყოფ ხოლმე თავს) რომელიც 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. სასტუმროების სრული ოკუპაცია იმაზე მიუთითებს რომ ფესტივალი პოპულარულია, თუმცა არა იმაზე რომ საქართველოში ბევრი ადამიანი უსმენს ჯაზს. დიდად რომ ვთქვა არ აღმაფრთოვანა ლაინ-აფმა, ჯაზის მცოდეობას არ ვიჩემებ, მაგრამ ვთვლი რომ გარკვეული ვარ შემსრულებლებში და არცერთმა სახელმა დიდად არ მიმიზიდა გარდა სერხიო მენდესისა, რომელიც მგონი ბავშვობიდან მესმის ყურში. Larry Grahamის მოსმენაც არ იქნებოდა ურიგო, მითუმეტეს რომ ფანკს უკრავს. 

სამწუხაროდ, თბილისში დარჩენილებს დღეს საღამოს მგონი სხვა ვერაფერი გაგვახარებს. ყურები არ ჩამოვუშვათ, უიქენდი წინაა, განსაკუთრებით პარასკევიდან ველოდები სიამოვნებებს, რომლებზეც როდის დავწერ? 

რათქმაუნდა..ცოტა მოგვიანებით.


No comments:

Post a Comment