Saturday, July 14, 2012

შაბათობა ლუდის ფესტივალის და მგონი წვიმის გარეშეც

გამოგიცდიათ ნახევრად მზა პოსტის წაშლის სიმწარე? მე კარგა ხანია არ მქონდა გამოცდილი და მხოლოდ ნახევარი წუთის წინ შემზარა. რა გაეწყობა, მეორე ამოსუნთქვა მეყოფა ალბათ რომ ახლიდან დავიწყო.

ერთი სიტყვით, იმას ვწერდი რომ თუ გუშინდელ პარასკევ-ცამეტს გადაურჩით და ამას კითხულობთ, გილოცავთ! იმედია თქვენ კიდევ ერთი ფობია გადალახეთ.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, საკმაოდ არაპროგნოზირებადია, ვინაიდან ზოგი თავსხმა წვიმას და ცის დამხობას ელის, ზოგიც ამტკიცებს რომ ყველა წყარო უნამუსოდ იტყუება და მზიანი დღე გველის. ასეა თუ ისე, ლუდის ფესტივალის ორგანიზატორებმა მაინც გადაწყვიტეს თავი დაეზღვიათ და გადაედოთ 2-დღიანი ღონისძიება.
პ.ს.: ეს ის ლუდის ფესტივალია არავის რომ ლუდი არ მოსწონს და ყველა რომ გამომსვლელ ჯგუფებს და მომღერლებს ლანძღავს და მაინც დილიდან-ღამემდე რომ იქ არიან.

სამაგიეროდ, იყალთოს გორაზე ფართი მაინც ჩატარდება, ვინაიდან ამ ივენთის ორგანიზატორები არ შეუშინდნენ ბუნების მოვლენებს. წესით 1 საათზე უკვე უნდა დაწყებულიყო მუსიკა, დამთავრებით კი ხვალ დილის 10 საათზე უნდა დამთავრდეს. კარგი ამ ყველაფერში ის არის რომ ღია ცის ქვეშ კეთდება და თან კარვების ადგილიც ყოფილა (დამაჯერებლად რომ მოვიტყუოთ თავი, ვითომ სულაც არ ვართ თბილისში და ორმაგად გავბედნიერდეთ). სამწუხაროდ, ლაინ-აფი არ არის დიდად მიმზიდველი, კაფე-გალერის რეზიდენტები ხვდებიან ბუდეს და have-never-heard-about-them-beforeებს. და  მაინც, თუ გხიბლავთ ეს იდეა, ახლავე შეგიძლიათ გაეშუროთ დანიშნულების ადგილას.

ვისაც წვიმის იდეაც არ მოსწონს, ღია ცის ქვეშაც არ უნდა და საერთოდ, უფრო "დავარცხნილ" ივენთს ეძებს, 10 ლარის ფასად "დივანში" შეუძლია წასვლა, სადაც 10 საათიდან SvanSikh იმღერებს. ეს ჯგუფი სხვათაშორის საკმაოდ მალე და მოულოდნელად გახდა პოპულარული თინეიჯერებში და ერთ-ერთია იმ ჯგუფებს შორის რომელთა მოსმენის სურვილი არ გამაჩნია, თუმცა თუ სადმე რომელიმე ივენთზე შემთხვევით შემომესმენ, აუცილებლად დავუგდებ ყურს, იქნებ ვცდები.
აქვე ცოტა მოგვიანებით, 12-ის ნახევრიდან უკვე ჟორჟიკა დადგება მიქშერთან (ერთია საკითხავი, ნუთუ "დივანი" კაფე-გალერის ხარჯზე ცდილობს ხალხის მიზიდვას და პოპულარობის გაზრდას, ხუ ნოუზ).

უფრო მიმზიდველად მეჩვენება ივენთი "ვიტამინში" სადაც Catch The Clouds-ის პირველი ლაივ კონცერტი შედგება. სიმართლეს ვიტყვი და ადრე მსმენია მათ შესახებ, თუმცა ტრეკები არ ვიცი და ისედაც, ყოველთვის საინტერესოა დებიუტზე თვალისდევნება, ასე რომ თერთმეტის ნახევრიდან ეჭვი მაქვს საკმაოდ ბევრი პოტენციური მსმენელი შეიკრიბება "მუზაში" (კუს ტბის ასახვევი).

Unique-ის ივენთს რომ შევხედე თავიდან ვიფიქრე ისევ მორიგი უცხოელი ტიპი ჩამოყავდათ (უბრალოდ იმიტომ რომ უცხოელია), მაგრამ ისევდაისევ შემოწმება ვარჩიე თავიდან და შემრჩა ძალიან სასიამოვნო ა-ლა-ოულდ-სქულ ტრეკები რაზეც მშვენივრად შეიძლება კლუბში აქტიურად განძრევა. ვორმ-აფიც არ იქნება ურიგო ვაკო ტ(აბატაძე)სთან ერთად.

ამასობაში კაფე-გალერიში სიხა და ირაკლი შონია დაუკრავენ (როგორც ყოველთვის ამ მომენტში სიტყვაძუნწი ვხდები).

და ბოლოს, ჩემი მოსაზრებით ნაკლებად განსახილველი ივენთები, მაგრამ მე ხომ უნდა ვეცადო რაც შეიძლება ინფორმატიული ვიყო - თბილისის ზღვისკენ ვინც გაეშურებით, იქ ბარი Silver შემოგხვდებათ, ან ხმამაღალ მუსიკას მაინც გაიგებთ და იცოდეთ რომ 8 საათიდან "ბიიჩ" (კიდევ ერთხელ, არა ბიჩ) ფართი იგეგმება გიო გუგენიძის და Soul Deejays თანხლებით.
გუშინ ვახსენე თეთრი ტბა (გლდანში), დღეს უკვე ქასრა, მარგო და ლუი დაუკრავენ და როგორც მითითებულია გახსნიან ზაფხულის სესიებს.

აი ასეთი დატვირთული შაბათი საღამო გველის. წვიმა კი ლუდის ფესტივალის ორგანიზატორების ჯინაზე ჯერ-ჯერობით იგვიანებს.

Photobucket

No comments:

Post a Comment