Thursday, July 19, 2012

სად წავიდეთ ხუთშაბათ საღამოს


 გახუთშაბათდა, განწყობა თანდათან გამოკეთდა, წვიმებმა გადაიარა, ჰაერი კვლავ ჩაიხუთა, სუნთქვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ასე რომ საღამოს შეიძლება დროის გატარება.

თუ პრიორიტეტების მიხედვით დავალაგებ, პირველ ადგილს უდავოდ გრინჩის ივენთი იკავებს კაფე-გალერეაში. მართალია ლოკაცია უკვე აღარ მიზიდავს, მაგრამ სავარაუდოდ მართლა Trippy Night იქნება, გრინჩს კი კარგად შეუძლია ხალხის გახურება.

სასიამოვნოდ გამიხარდა გიო ბებიავას გამოჩენა არენაზე. შარშან საკმაოდ ხშირად უკრავდა, უმეტესწილად იუჯინ რეისთან ერთად სახურავ-ფართიებზე, წელს კი ფაქტიურად არსად შემინიშნავს. აი დღეს ღამე სენატში გიო Dj Vakhato-სთან ერთად დაუკრავს. მოასწარით პირველ საათამდე მოხვდეთ ვაკის პარკის ტერიტორიაზე თორემ შემდეგ უკვე 20 ლარის გადახდა მოგიწევთ. ისე, ყოველთვის არ მასვენებდა კითხვა, რატომ არის ასეთი ვითომდა ძალიან "ფეშნ" კლუბები უმეტესწილად ცარიელი და კაფე-გალერეასმაგვარი ადგილები გადატენილი, თქვენ გაქვთ თქვენი ვერსია? თუ დაწერთ, ჩემ ვერსიასაც შემდეგ გავამხელ.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ კანუდოსში ყოველ ხუთშაბათს იმართება ლაივი, უკრავს ბენდი, არის შედარებით წყნარი სიტუაცია და ლუდის მოსაწრუპად მშვენიერი გარემოა შექმნილი.

და ბოლოს, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის კინო-ჩვენება რომელიც დღეს "დიოგენეს" კინო-კლუბში იგეგმება, კერძოდ "სიკვდილი ვენეციაში", რომლის რეჟისორია ლუკინო ვისკონტი. თუ არ გაქვთ ეს კინო ნანახი და ისიც იცით რომ (ჩემსავით) სახლში ამის მნახველი არ ხართ, 8 საათზე სპორტის სასახლის გზას დაადექით და ნახეთ. მართლაც რომ შთამბეჭდავი კინოა და ისეთი არა მარტო რამდენიმე საათი, არამედ შეიძლება რამდენიმე დღე გაგყვეთ მასზე ფიქრი.

ხვალ, ანუ პარასკევიდან უკვე დიდი მოძრაობა შეინიშნება თბილისში, საღამოს თუ შემოიხედავთ ბლოგზე, შეგიძლიათ უიქენდიც დაგეგმოთ.



No comments:

Post a Comment