Friday, July 27, 2012

არა-დაკოპირებული პოსტი ანუ მორიგი პარასკევი თბილისში




დადგა უიქენდის დრო. სიმართლე რომ ვთქვა, რაც დრო გადის, მით უფრო მგონია რომ წინა კვირების პოსტების დაკოპირებაც კი შემიძლია, იმიტომ რომ არაფერი ახალი არ ხდება. იტყვით ალბათ, ხომ იცოდი სადაც ცხოვრობ, რა გინდოდა მაშინ, ეს ბლოგი რატომ წამოიწყეო, მაგრამ ხომ იცით, ადამიანი იმედით ცხოვრობს, იმედი კი ისეთი ოხერია რომ ბევრ რამეს გაგაკეთებინებს.

დღევანდელი საღამოს მიმოხილვას ყველაზე მასშტაბური ივენთით დავიწყებ, რომელიც გლდანში, კვლავ თეთრ ტბაზეა დაგეგმილი. მე მგონი ადამიანებმა არ იციან ზუსტად სიტყვა "ფესტივალის" მნიშვნელობა იმიტომ რომ ბოლო დროს რაც კი რამე გაკეთდა, თითქმის ყველაფერს ფესტივალს არქმევენ, არადა დარწმუნებული ვარ რომ არ შეიძლება ამდენი "ფესტივალი" აკეთონ ყოველწლიურად. ამ ჯერზე ეს არის Living the Dream ფართი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ნონ-სტოპ უნდა ჩატარდეს და წესით უკვე შუადღის თორმეტ საათზე უნდა აეღო სტარტი. ლაინ-აფს რაც შეეხება, დიდად შთამბეჭდავი არ მომეჩვენა მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ჩამოგრძელებულია. დაუკრავენ Misha G, Mixline, Soul DeeJays, Dimitri Funky და კიდევ ბევრი არაფრისმთქმელი სახელები (რა ვქნა, არ ვარ მათ სამეგობროში და არ ვიცნობ).

შემდეგ უკვე ნატახტარის ექსტრემალური ფართი იმსახურებს განხილვას. თუ იცით სად არის ნატახტარის აეროდრომი (ჩემგან განსხვავებით) და თან თუ ბაიკერი ან ოფროუდერი ხართ, ეს ივენთი ალბათ განსაკუთრებით მოგეწონებათ. მე პირადად უფასო ლუდის იდეაც მომეწონა, მაგრამ სამწუხაროდ არაა დაკონკრეტებული, რა ტიპის მუსიკა იქნება, ლაივი თუ ლეპტოპური, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

პარასკევი საქველმოქმედო საღამოს გარეშეც არ ჩაივლის, ასე რომ ვისაც 5 ლარი არ ენანება, წაბრძანდით "მაგთი კლუბში" 9 საათზე. აქ გაიმართება ახალი ფონდის პრეზენტაცია, რომელიც მიუსაფარ ადამიანთა დახმარებას ისახავს მიზნად და იმისთვის, რომ ხალხი მიიზიდონ ამ ერთი შეხედვით მოსაწყენ ღონისძიებაზე, დიჯეიც კი დაუკრავს, სპეც-სტუმრები კი ელენე კალანდაძე (ყოფილი ვარსკვლავების აკადემიელი) და ნოდარიკო ხუციშვილი იქნებიან.

"დივანში" საღამო ისევ ორ ნაწილად გაიყოფა. 8 საათიდან ერთგვარი პეჩაკუჩა (PechaKucha) ივენთია დაგეგმილი, რაც როგორც მივხვდი აერთიანებს კრეატიულ ხალხს, ისინი ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და ნამუშევრებს და წესით საკმაოდ საინტერესოდ უნდა ჩაიაროს. ამის შემდეგ უკვე Solar Eclipse-ის ჯერი დგება 11 საათიდან. ეს ჯგუფი (ჯგუფი გამხდარა, ადრე როგორც მახსოვს ერთი ადამიანი უკრავდა) Forestის შვილობილია და ვერ ვიტყვი რომ ან ისეთივე პოპულარულია ან ისევე მოსაწონი, როგორც წინამორბედი, მაგრამ ალბათ ბევრ გადაღეჭილ "მიქშერისტებს" სჯობს.

DJ გიგი ჩიჩუა, რომელიც მახსოვს Mezzoს სახე იყო, ამჯერად მისონში გადაბარგებულა და დღეს 11 საათიდან დაუკრავს, თუმცა თუ სოციალურ ქსელში ამ ივენთის "პოპულარობას" გავითვალისწინებთ, დიჯეი ალბათ მისონის მომსახურე პერსონალს თუ აიყოლიებს მხოლოდ.

კაფე-გალერეაში დღეს კობერტი და ბაჩო ჩალაძე უკრავენ. საკმაოდ კარგი ტანდემია (თუ მეხსიერება არ მღალატობს)

აი ძირითადად ასეთი საღამო ჩაივლის დღეს თბილისში, უიქენდის შესახებ თუ გინდათ ინფო, ოდნავ მოგვიანებით შემოიხედეთ


1 comment: