Thursday, June 30, 2011

რა მოხდა ხუთშაბათს ოფისში

ფეხარეული გადმოვედი ტაქსიდან როგორც კი მიცკევიჩზე "The Office" შევნიშნე, სულაც არ არის რთული მისაგნები, იქვეა როგორც კი "სელადან" აუხვევთ. მოლოდინი ადგილის მხრივ თითქმის საერთოდ არ გამართლდა ვინაიდან მე რაღაც კლუბისმაგვარს ველოდი და აღმოჩნდა ერთი ჩვეულებრივი კაფე, არცთუ ცუდი ინტერიერით.

რომ შევედით ადგილები არ იყო, უფრო სწორად თავიდან ვერ შევნიშნეთ, რომ ზუსტად დინამიკებთან თავისუფალი იყო მაგიდა და დიჯეების გვერდით მოვკალათდით. მენიუში ყველაფერი ეწერა ლუდის გარდა, მიმტანს რომ ვკითხეთ იმანაც კი არ იცოდა იყო თუ არა ბარში ლუდი ან კი რა ღირდა. გაკითხვ-გამოკითხვის შემდეგ ჰეინეკენი მივიღეთ - ფასი 6 ლარი, მომსახურება + 2 ლარი და შესაბამისად საღამოს ცეკვაში გატარება 20 ლარი დაგვიჯდა, რაც ჩემი აზრით არაა ურიგო.

ხო, ახლა რაც შეეხება გართობას, არავინ ცეკვავდა..არ მესმის, როგორ შეიძლება ენერგიული, სასურველი, მოსაწონი მუსიკის ფონზე არ იცეკვო, თუნდაც ეს კაფეში იყოს. ადგილზე ხელებისა და ფეხების თამაში, კომპლექსები და "ვაიმე ხალხი აქ ზის, ჭამს, მე როგორ ვიცეკვო, ყველა ხომ მე შემომხედავს" მომენტები მძაფრად იყო, თუმცა ერთი ხელის მოსმით მოვსპეთ სტერეოტიპები და მეგობართან ერთად მთელი საღამო არ გავჩერებულვართ. უკვე რამდენიმე საათის შემდეგ რამდენიმე ნაცნობიც აგვყვა და ვაკუუმი ოდნავ შეივსო, თუმცა არა მნიშვნელოვნად. Ujin Rayს და გიო ბებიავას სეტები სახურავებიდან უკვე ცნობილი იყო და ორმაგად სასიამოვნო, ნიკოლას ჯაარის mi mujerიც არ გამოუტოვებიათ.

და მაინც, მსგავს პატარა კაფუშკებში დიჯეი სეტები არ ამართლებს იმიტომ რომ ცეკვა გინდა და ადგილი არ არის, თან ხალხი იქ საცეკვაოდ არ დადის და უბრალოდ მუსიკის მოსმენა რომ მინდოდეს, გავიკეთებ სახლში კოქტეილს, ჩავრთავ საყვარელ სეტებს, ავუწევ ბოლომდე და ვიკაიფებ ჩემთვის.

ცოტა ფოტომასალაც:





ხუთშაბათ საღამოს გეგმები

ვაპირებ დღეს ერთ შედარებით ახალ კლუბში გავიარო, თან 8–დან 9 საათამდე Happy Hour ქონიათ რაც ალკოჰოლზე 30% ით ნაკლებ ფასს გულისხმობს.

ადგილმდებარეობა: მიცკევიჩის ქუჩა 
მე, თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა გოგომ დღემდე არ ვიცი ქუჩები რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალის გარდა, ასე რომ სავარაუდოდ ბევრი ბოდიალის და მიკითხვ–მოკითხვის მერე მაინც მივაგნებ

კლუბი: THE OFFICE
ნუ კარგით რა, ისედაც მთელ დღეს ოფისში ვატარებ(თ) და ოფისიდან კიდევ ოფისში წასვლა მომაკვდინებლად ჟღერს..მეორეს მხრივ, თავიდან რომ გავიგე ასეთი 'ტოჩკა'  გაიხსნა, პირველ რიგში სერიალი Office–ის ასოციაცია გამიჩნდა, რომლითაც ერთი პერიოდი დავინტერესდი, თუმცა ჩემდა სამწუხაროდ ვერ ჩავუჯექი, so the coin always has two sides.
ფეისბუქს რომ უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ადგილის თუ ღონისძიების გაპიარებაში ხომ მეთანხმებით? ოფისის სახელს ძებნის სისტემა არ აგდებს თავისით და ამერიკის სხვადასხვა კლუბების არჩევანს გვთავაზობს. საბედნიეროდ, ფეიჯი მაინც მიგნებადია, თუმცა რატომღაც ალბომში სალათების და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელების ფოტოები უდევთ, რასაც აშკარად არანაირი დატვირთვა არ აქვს. ანუ დღეს სხვა არჩევანიც რომ მქონდეს, ამ ფეიჯის დათვალიერების შემდეგ, ოფისში წასვლის ვარიანტს ნამდვილად გამოვრიცხავდი, ასე რომ მიხედეთ იმ ინფოს რომელსაც ინტერნეტში ათავსებთ, თუ გსურთ ხალხი დააინტერესოთ. რომ არ გსურდეთ, ალბათ არც გახსნიდით მსგავს ადგილს და ჯერ კიდევ ჰოუმ ფართიებს "მიაწვებოდით".

მოლოდინი: ენერგიული მუსიკა, არა–ნაით–ოფისური სახეები (რაც ისევ და ისევ ფეისბუქის ეთენდინგის სიით განისაზღვრება), სასმელი ადეკვატურ ფასად და Ujin Ray–ს სეტის ფონზე ბევრი მოძრაობა.



შემოიარეთ მოგვიანებით, რომ ნახოთ გაამართლებს თუ არა

Wednesday, June 29, 2011

ლუდის ფესტივალი და ამბავი თუ რატომ ვერ მოვხვდი ლისის ტბის ივენთზე

ზაფხული, მზე და ლუდის ფესტივალი..განსაკუთრებით მაშინ როდესაც გერმანელი გოგოები გემსახურებიან, ურიგო არაა ხომ? დიახაც, გერმანელი გოგონების სანახავად უფრო მივედი მგონი ფესტივალზე, ვიდრე ლუდის დასალევად..მითუმეტეს რომ შარშან წყალგარეული ლუდით გაჭყიპვა მომიწია. ბოლო შაბათ-კვირას ანუ 24-25 ივნისს ქალაქში ზუსტად ლუდის დღეობა აღინიშნა.

პირველი ფაქტი, რომელიც დავაფიქსირე, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, არის გატენილი სუპერმარკეტი "ზემელი", სადაც ჩვენ უფრო ძლიერი ალკოჰოლის, უმრავლესობა კი უბრალოდ ლუდის საყიდლად იყო შესული, რომ გაბოთლილი ლუდი ლუდის ფესტივალზე დაელიათ. კომენტარებისგან თავი ვერ შევიკავე და გამოვთქვი ჩემი არცთუ უმიზეზო აღშფოთება, რასაც ჩვენს წინ სალაროს რიგში მდგომი ორი ბიჭი გამოეხმაურა და გვამცნო რომ ფესტივალზე არათუ წყალგარეული, არამედ თბილი ლუდი იყიდებოდა და თანაც იმხელა რიგები იდგა, იმ რიგში დგომას სუპერმარკეტის სალაროსთან ლოდინი ერჩიათ. სიტუაცია არასაიმედო იყო, თუმცა მაინც არ დავიჯერე ბოლომდე და იმედი დავიტოვე რომ ერთი კათხა ლუდი მაინც შემხვდებოდა ფესტზე და შესაბამისად თავად გამოვიტანდი დასკვნებს.

მოდი ცოტა გადავხტები მოვლენებს და აქვე ავღნიშნავ რომ ორი ჭიქა ლუდიდან, ერთი ქაფით იყო სავსე და წვეთი ლუდი არ შემხვედრია, მეორე ჯერზე საბედნიეროდ უფრო გამიმართლა და რამდენიმე ყლუპი სითხე მოვწრუპე.

რა არის ლუდის ფესტივალი მუსიკალური თანხლების გარეშე. შარშანდელ წელს ორგანოზატორებს ალბათ იმდენად დააკმაყოფილათ ლაინ-აფმა რომ წელსაც არ უცდიათ დიდად მოდერნიზება და კვლავ მგზავრები, ფრანი, სალომე კორკოტაშვილი და მსგავსი ბანალობები შემოგვთავაზეს. შესაბამისად, დიდად არ შემიწუხებია თავი სცენის თვალთვალით და უბრალოდ ადამიანების დაფიქსირება გადავწყვიტე. არც ის მგონია, რომ იქ მყოფები იყვნენ მისული მუსიკის მოსასმენად. გულს უხაროდა, ამ უბედობის ჟამს, როდესაც გარეთ ალკოჰოლის მოხმარება აკრძალეს, ამდენი ცარიელი ლუდის ჭიქების დანახვა. ჩემმა მეგობარმა ფესტივალის ტერიტორიაზე კოლა შეიტანა და მაშინვე სანაგვეში გადააგდებინეს, ვითომდა არ შეიძლებაო, ვითომდა უალკოჰოლო კოლა ლაითი ლუდს გაუწევდა კონკურენციას. ლოგიკა უცნობია, მაგრამ რკინასავით მაგარი, როგორც ყოველთვის.

უკვე ღამე იყო რომ ლისის ტბისკენ წავედით, სადაც დიდი ივენთი იგეგმებოდა და თანაც საკმაოდ ხალხმრავალი. გული დამწყდა, რომ მიუხედავად ადგილზე მისვლისა, შიგნით ვერ შევედი. ჯერ ერთი დიდი რიგი იყო და მე და რიგები ვერ ვმეგობრობთ, ეგეც რომ არ იყოს, სხვა გეგმების გაზიარება მომიწია და შესაბამისად იმ დროის განმავლობაში როდესაც ქვევით შესანიშნავი განათებების და მუსიკის ფონზე ასობით ადამიანი ენერგიით დამუხტული სხვადასხვა მოძრაობებს აკეთებდა, მე ჰარდ როკს ვუსმენდი მანქანაში. ხდება ხოლმე ხანდახან, ძველი დრო მაინც გავიხსენე.

ეს კი ლუდის ფესტივალის ანაბეჭდები ჩემს აპარატში:





P.S.: ლუდი მაინც რომ ყოფილიყო უკეთესი, მეორე დღესაც მივიდოდი, მაგრამ 1 ლარად ალბათ თბილისში მეტს არც არაფერს არ უნდა ელოდო

რა ხდებოდა კაფე გალერეაში ანუ ვიტამინის აკუსტიკური ლაივი

სულ ახლახან გრიბოედოვზე კაფე გალერეა გაიხსნა. გახსნა მასშტაბური იყო და პოზიტიური შეფასებები დაიმსახურა, თუმცა სამწუხაროდ მე არა გახსნაზე, არამედ ერთ-ერთ შემდგომ ივენთზე მოვხვდი, კერძოდ ვიტამინის აკუსტიკურ ლაივზე.

მოვხვდი სრულებით შემთხვევით თანაც. მე და ჩემი მეგობარი ჯერ ერთმანეთს შევხვდით, ხუთშაბათი დღე იყო, 23 ივნისი, მე სამსახურიდან გამოვედი, ის ვარჯიშიდან და გადავწყვიტეთ საღამო ერთად გადაგვეგორებინა. ვინაიდან სხვა მეტად საინტერესო არაფერი იგეგმებოდა, ვიტამინზე შევლა გადავწყვიტეთ. ივენთი 8 საათის ნაცვლად, დაახლოებით 9ზე დაიწყო. ჩვენც ამ დროისთვის მივედით და დასასხდომი ადგილი ვერსად ვიპოვეთ, ამიტომ სადღაც ბართან შეგვხვდა ადგილი.

გაბუნიამ ძველი სიმღერები დაუკრა, ზოგიც ქავერი, ხანდახან გობეჯა შეუერთდებოდა ხოლმე, კაფე სავსე იყო და აურაც საკმაოდ სასიამოვნო ტრიალებდა, ანუ მსგავსი გიგებისთვის ადგილი საკმაოდ შესაფერისია. და მაინც, ბოლომდე არ გავჩერდი, ალბათ სადმე რომ მივმჯდარიყავი და ლუდი მეწრუპა უფრო დიდ ხანს ვიქნებოდი.

კაფეში დიჯეი სეტებიც იგეგმება და მგონია, ის უფრო საინტერესოდ მომეჩვენება.




ალტერვიზიის დაბრუნება 1-წლიანი პაუზის შემდეგ

შარშანწინდელი ალტერვიზია და მის გარშემო ატეხილი დიდი ხმაური როგორ შეიძლება ვინმეს ყურამდე არ მისულიყო. ჯერ მარტო ის რად ღირდა რომ პირველად საქართველოში ჩატარდა ასეთი მასშტაბური ფესტივალი, საკმაოდ კარგი შემსრულებლების მონაწილეობით და თანაც ეს ყველაფერი სრულებით უფასოდ! after party ნაით ოფისში იყო და ყველაფერმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე.

წელს როგორც კი გაირკვა რომ ალტერვიზია ბრუნდებოდა, მოლოდინი ძალიან დიდი იყო. რასაკვირველია, ყველა ელოდა, რომ კიდევ უფრო უკეთესი და ცნობილი ჯგუფები მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ შედეგმა მოლოდინი არ გაამართლა და ალტერვიზია ჰოლივუდური ბლოკბასტერების სიქველივით უფერული აღმოჩნდა.

როდესაც ლაინ-აფი გამოქვეყნდა, ჩამოვუყევი ყველა უცხოურ ჯგუფს, რომ აზრზე ვყოფილიყავი ლაივში რას მოვუსმენდი, მაგრამ რად გინდა..ერთი ჯგუფის ერთ სიმღერასაც კი ვერ მოვუსმინე ბოლომდე და ისევ ადგილობრივი მუსიკოსების გამო თუ გადავწყვიტე მისვლა.

შაბათს წვიმიანი და წუნტლიანი ამინდის მიუხედავად იპოდრომზე საკმაო ხალხმრავლობა იყო, თუმცა ხალხის უმეტესობა მე მგონი თვითონ იპოდრომზე კი არა მის შემოგარენში უფრო შეინიშნებოდა. არ ვიცი ეს იმან გამოიწვია რომ ამჯერად შესვლა ფასიანი იყო და 5 ლარი დაენანათ მელომანებს თუ უბრალოდ არც ისინი იყვნენ დიდად აღფრთოვანებულები მონაწილეებით..მე მგონი მიზეზი მაინც ეს უკანასკნელია.

სველ ბალახზე დავსხედით, ლაპარაკში გავერთეთ და ერთადერთხელ მომინდა სცენასთან მისვლა, Me and My Monkey-ს დროს , სამწუხაროდ ნიკა კოჩაროვის ახალმა პროექტმა Z for Zulu დიდად არ აღმაფრთოვანა და არც დამამხსოვრდა, არადა ბავშვობაში YGLის სიყვარული ჯერ კიდევ შემორჩენილი მაქვს. სამაგიეროდ დამამახსოვრდა კომენტარები, რომლებსაც ნიკა სცენიდან ისროდა და ფსევდო თუ რეალურად თავისუფალი თინეიჯერობა მასთან ერთად სკანდირებდა.

საკითხავი ისაა, ამ შემთხვევაში ამართლებს თუ არა დიდად გავრცელებული კომენტარი, რომ რაღაც მაინც გაკეთდა და სულ არაფერს სჯობს. შეიძლება სულ არაფერს მართლაც სჯობდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამაზე უნდა გაკეთდეს გათვლა, ასე ხომ ყოველთვის სულ არაფერზე ოდნავ უკეთეს მაგრამ მაინც არაღირებულ პროდუქციას მივიღებთ.

მეორე დღეს არ მივსულვარ და მგონია რომ დიდი არაფერი დამიკარგავს. არადა ჩემი თავისგან მიკვირს რომ ამ ლაივს ისევ მრავალჯერ დატრიალებული Roof Sundayz-ს ტრეკები ვამჯობინე.



რა ხდებოდა ველოდრომზე Second Life Fest

ივნისი ნამდვილად დატვირთული თვე იყო სხვადასხვა ღონისძიებებით. ამჯერად 5 ივნისს დავუბრუნდები და Second Life Festival-ს გავიხსენებ.

ივენთი თავდაპირველად 4-ში ანუ შაბათს იყო დაგეგმილი. ვინაიდან შარშან ჭიათურაში ვერ მოვახერხე წასვლა (ვისაც არ გსმენიათ, იგივე ფესტივალის პირველი ადგილმდებარეობა სწორედ ჭითურაში გახლდათ), ამიტომ წელს ველოდრომზე წასვლა უმიზეზოდ გადავწყვიტე. რკინიგზელთა სახლის ბაღში ცოტა ხნით შევიკრიბეთ, მაგრამ თანდათან ცას ფერი შეეცვალა და 6 საათისთვის კინაღამ უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა, მერე კი ისეთი თავსხმა წვიმა წამოვიდა, თავის შეფარებამაც არ გვიშველა და საკმაოდ გავილუმპეთ. ამასობაში მობილური ინტერნეტის საშუალებით ფეისბუკზე დაწერილ სიახლეებს ვამოწმებდით, აღმოჩნდა რომ რამდენიმე ადამიანი ადგილზე იმყოფებოდა და წყდებოდა ფესტივალის ჩატარება-გადადების ამბავი, საბოლოოდ 8 საათისთვის გაირკვა რომ ივენთი მეორე დღეს ანუ კვირას გადაიტანეს.

საბედნიეროდ, არც კვირას მქონდა რამე დაგეგმილი. 6 საათის ნაცვლად ივენთის დაწყების დრო 3 საათი იყო და ჩვენც დიდად არ დაგვიგვიანია მისვლა, მითუმეტეს რომ მზიანი ამინდი არ იყო და ველოდრომზე დახრუკვა არ გველოდა. ადგილმდებარეობა რთული მისაგნები არ აღმოჩნდა, წინასწარ დაიწერა, რომ თვითონ სფოთზე მოწევა აკრძალული იქნებოდა. ძალიან დამაეჭვა რომ ამას ვინმე გაითვალისწინებდა, მითუმეტეს თუ ქართველების წესებდაუმორჩილებებს გავიხსენებთ და სასიამოვნოდა გაკვირვებულიც კი დავრჩი რომ დაცვა მკაცრად აკონტროლებდა სიტუაციას და შესაბამისად ფაქტიურად ყველა იქ მყოფი საზღვრებს გარეთ იკმაყოფილებდა ნიკოტინის მოთხოვნილებას, მათ შორის მეც.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ადრე მივედით, ივენთი დაწყებული იყო, ხალხი კი არ მოდიოდა. იტყვით ალბათ, რაოდენობა ხარისხს არ განსაზღვრავსო, მაგრამ როდესაც იცი რომ ასეთი ფესტივალი ტარდება (თუმცა ერთდღიან ღონისძიებას მეც ფესტივალს ნაკლებად დავარქმევდი), რომელიც უფასოა და თან ადგილმდებარეობაც მოსახერხებელი და ნოვატორულია, მერე დაფიქრდებო იმაზე, აბა რა სურს ხალხს და როგორი ღონისძიებები დააინტერესებთ თუ ასეთი არა.

ალკოჰოლის დანაკლისს იქ მყოფნი ლუდით ვივსებდით, თუმცა არჩევანი ორგანიზატორებმა მხოლოდ ქარვაზე შეაჩერეს, ისიც საკმაოდ თბილზე და შესაბამისად წყურვილი დიდად დავიკმაყოფილე მეთქი, ვერ ვიტყვი, თუმცა ფასები საკმაოდ მისაღები იყო.

ძალიან დიდი ხანი დასჭირდა ხალხს გასახურებლად და მხოლოდ ჩამობნელების შემდეგ თუ დაიწყო მოძრაობა. დიჯეების პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, განათება - შთამბეჭდავი. პირველი არხის წამყვანი თითქმის მთელი საღამო ადგილზე ტრიალებდა და შიგადაშიგ იქ მყოფებთან კომენტარებს წერდა, მეც კი მომწვდა და თავის არიდება უკვე გვიანი იყო, ასე რომ მაივიდეოზე ამავე ივენთის სიუჟეტში თვალის შევლება შეგიძლიათ.

შემდეგი "მეორე სიცოცხლე" ამ შაბათ-კვირას უკვე წყალტუბოში იგეგმება. ძალიან მინდა არ გამოვტოვო, თუმცა იმდენად არ ვემეგობრები დიდ მანძილზე მგზავრობებს (გადაფრენები არ იგულისხმება) რომ შეიძლება სამწუხაროდ დავაკლდე.

ეს კი ფოტო მასალა:





Tuesday, June 28, 2011

ისევ კრუიზი, ისევ სახურავი ანუ vol.3

ეს უკვე სულ ციცხალი ამბავია, ანუ 26 ივნისის. პრინციპში ინფორმაციულ ვაკუუმში ვიმყოფებოდი რაც მოსალოდნელი იყო იმდენად გასაიდუმლოვდა ახალი ივენთის დეტალები. და სწორედ კვირას, შუადღეზე გავარკვიე რომ თურმე ისევ კრუიზის სახურავის დაპყრობა იყო გამიზნული.
მიუხედავად იმისა, რომ სიახლეები მიყვარს, თავიდან ადაპტაციას საკმაოდ რთულად გავდივარ და ამიტომ ისევ ნაცნობ სიტუაციაში მოხვედრა რაღაც მხრივ მესიამოვნა.
წელს მე მგონი ზაფხული საკმაოდ ადრე და საკმაოდ პროდუქტიულად დაიწყო. რასაკვირველია, სხვა რა უნდა ხდებოდეს თბილისში დღისით, მზისით, თუ არა აქტიური გარუჯვა. მეც ჩემი დიდად მოსაწონი და დამკვიდრებული სოლარიუმიდან გადავინაცვლე აუზზე და შუადღეზე ლაგუნაზე შევიწვი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. არც ძვირიანმა კრემებმა მიშველა, არც ვითომ სოლარიუმის რუჯმა, რაც აშკარად დამეტყო საღამოთი და ვინც მნახა, ისინი უსიტყვოდ დამეთანხმებიან. წინა დღეს ჩემი მეგობარი მეუბნებოდა ლაგუნაზე შეზლონგი აღარ იყოო და კვირას ეს 100%ით გამართლდა. მზეს დახამებული ადამიანების ჯგუფს შევუერთდით და რომ ვიგრძენი უკვე ვორთქლდებოდი სასწრაფოდ გამოვეცალე შეზლონგსაც, აუზსაც და ჩემს მეგობარსაც და საღამოსთვის მცირედი მომზადება გადავწყვიტე.
ამ ჯერზე გადავწყვიტეთ მრავალფეროვნებისთვის და ერთგვარი ექსპერიმენტის სახით, ა'სახურავების წინ ცოტა ალკოჰოლით გავჯერებულიყავით და გვენახა იმაზე უკეთ თუ გავერთობოდით ვიდრე წინა ივენთებზე, თან ამდენ-"მთვრალ"-ადამიანს-მთელი-საღამო-ჩემმა-მტერმა-უყურა პრინციპმა გადაჯაბნა და კრუიზთან რომ მივედით, უკვე ამაღლებული განწყობა გვქონდა.
პირველი რაც შესასვლელთან დაგვხვდა იყო რიგი, თან ისეთი საოცარი რიგი, რომელიც არ მცირდებოდა იმიტომ, რომ როგორც აღმოჩნდა აღარავის უშვებდნენ, მოსაწვევებმა აზრი დაკარგა და დაცვაც ისე უხეშობდა რომ თავი რომელიღაც ზე-გლამურნ ივენთზე მეგონა, ბამბა და მისონი მიმიქარავს. ერთია ის თუ რას ეტყვი ადამიანს და მეორე კიდევ ის თუ როგორ ეტყვი. დაცვის უტიფრობა ზღვარს გადადიოდა, თუმცა ერთადერთი რაც სამართლიანად მეჩვენა ის იყო, რომ ნაცნობობა-ძმაკაცობა არ ჭრიდა (თითქმის, გამონაკლისები აშკარად იყო). ჩემი მეგობარი ფოტოებს იღებდა და კინაღამ აპარატი წაართვეს, რა უფლებით უნდა ჩამოერთმიათ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ მცდელობა იყო. მე მგონი რესტორნის დაცვამ თავი პრეზიდენტის დაცვად წარმოიდგინა ამდენი ხალხი რომ დაინახა და თავის მოვალეობას ზედმეტი თავგანწირვით ასრულებდნენ.
უკვე სურვილიც აღარ მქონდა შესვლის ამ ყველაფრის მომსწრე რომ გავხდი, მაგრამ როგორღაც სახურავზე აღმოვჩნდით. მე მგონი ორჯერ მეტი ხალხი იყო ვიდრე წინა ჯერზე. ტუალეტში გოგოები ჯგუფებად შედიოდნენ, ალბათ ბიჭებიც, მაგრამ ამდენი არ დამიფიქსირებია. ბართან მწყურვალი ხალხის რიგი იდგა, პურის რიგები მიმიქარავს. სამაგიეროდ, თითქმის არ იყო წინა ივენთიდან გადმონაშთი "ტუფლებიანი მასტები", არაფერი ეშველა "შპილკებიან" გოგონებს მიუხედავად იმისა რომ დრეს კოდი ქუჩის სტილი უნდა ყოფილიყო. მართალია, არის შემთხვევები როდესაც მეც მივდივარ ივენთზე ჰაი ჰილებით, მაგრამ არა ყოველ ჯერზე და მითუმეტეს არა ისეთ ადგილას სადაც ვიცი რომ რამდენიმე საათი გადაბმულად არ უნდა გავჩერდე, ნამდვილად არ მიღირს სექსუალურობის ხარჯზე ფეხების მოტეხვა და მერე რამდენიმე დღე "მაზოლებზე" წუწუნი.
ექსპერიმენტს რაც შეეხება, გაამართლა, უფრო ენერგიულად ვიყავით, მეტს ვინძრეოდით და სურათებიც უფრო მეტი დაფიქსირდა. მუსიკა კი რატომღაც სულ ერთნაირი იყო, თითქოს სიმღერების თანმიმდევრობაც არ შეცვლილა წინა ივენთების მერე, რაც ბოლოსკენ უკვე მომბეზრდა, მაგრამ ისევ და ისევ პოზიტიურ პოზიციას ავირჩევ და იმედს ვიტოვებ, რომ უფრო მრავალფეროვანი სეტები იქნება მომავალში, ყველაფერი ხომ თავიდანვე იდეალური არასდროს არის.




შეიძლება იყო კიდევ რაღაცეები რისი გაკრიტიკებაც შეიძლება, მაგრამ არ მინდა ამაზე გადავიტანო ყურადღება მხოლოდ იმიტომ, რომ მთავარი მიზანი და ფუნქცია ივენთმა ათიანზე შეასრულა - ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ხოლო მათ ვისაც ჩემსავით რიგში მოუწიათ ყურყუტი, ან კიდევ საერთოდ ვერ მოხვდნენ გემზე, გირჩევთ არა 3-4 საათით გვიან არამედ 1 საათით ადრე მაინც მიხვიდეთ ივენთზე და პრეტენზიების რაოდენობაც მნიშვნელოვნად დაიკლებს!

რა მოხდა კრუიზის სახურავზე ანუ vol. 2

სახურავზე ჩატარებულმა ივენთმა რომ წარმატებით ჩაიარა, ეს მე მგონი უკვე ცხადია. შემდეგი სერია 12 ივნისს შედგა. სწორედ ამ უიქენდს დაემთხვა ალტერვიზიის ფესტივალი, რომელიც ერთ-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა მოდი ამას ცალკე პოსტს დავუთმობ.
შაბათს სწორედ ალტერვიზიაზე აღმოვჩნდი და ამიტომაც კვირა შედარებით მეტად გათიშულმა გავატარე, თუმცა Roofზე არწასვლა აშკარად არ შეიძლებოდა, დღისით შევიტყვე რომ ამჯერად თავშეყრის ადგილი რესტორანი კრუიზის სახურავი იქნებოდა. თავიდან გამეცინა, ბოლოს კრუიზში სამსახურის კორპორატიულ წვეულებაზე ვიყავი, და ვიღაცის კნავილის მოსმენა მიწევდა ტრადიციული ქართული სუფრების გარემოცვაში, რაც ჩემთვის პრინციპში თვითმკვლელობის ტოლფასია.
ადგილზე მისვლამდე მეგობრები ვნახე, სადღაც დიღომში სანამ ერთმანეთს ველოდით, კინაღამ ფოტოსესია მოვაწყეთ და ბევრი დაინტერესებული, უსაქმური თვალი მოვიზიდეთ დარწმუნებული ვარ. ნუ, რიტუალი ამჯერადაც არ შედგა და ამიტომ ფხიზელი და თავდაჯერებული გავეშურე კრუიზისკენ. დაახლოებით 8 საათი იქნებოდა, ერთი შეხედვითაც ჩანდა რომ უკვე იმაზე მეტი ხალხი ვიდრე წინა ჯერზე, თორში. ადგილი ბევრად დიდი და მოსახერხებელი იყო და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ადამიანებო, სულაც არაა საჭირო ალკოჰოლით გაითიშოთ იმისთვის რომ გაერთოთ, აი Roofზე ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი! დიჯეები, ისევე როგორც მუსიკა ფაქტიურად იგივე იყო, რაც პრინციპში არ იყო ხელისშემშლელი ფაქტორი. სხვა მომენტი იყო უფრო ყურადსაღები. წინა ივენთისგან განსხვავებით, ბევრი ა-ლა-ქლაბერი აღმოჩნდა ჩვენს გარემოცვაში, ბევრი თეთრ "საროჩკიანი" და "ტუფლებიანი" ტიპი, რომლებიც რატომღაც ჩვენთან გამოცეკვებას ცდილობდნენ. სამწუხაროა, რომ თბილისში ფეის კონტროლი როგორც ასეთი მაინც ვერ დამკვიდრდა ან ვინც ამ ფეისად დგას ის არ არის თვითონ გაცნობიერებული ვინ უნდა შეუშვას მსგავს ივენთებზე და ვინ არა. ყველაზე პიკი იყო როდესაც ერთმა სრულებით არაადეკვატურმა ტიპმა მხარზე მიკბინა, ხოლო ბარში ყინული არ მოიპოვებოდა. რა იქნებოდა, მთელი დღის და საღამოს განმავლობაში ბართან რიგი არ შემცირებულა, ისევე როგორც ტუალეტთან, რაც დამეთანხმეთ, პირდაპირპროპორციულია. უკვე დაიწყო პრობლემები შესვლასთან დაკავშირებითაც რასაც ის მოყვა რომ რამდენიმე ჩვენი მეგობარი, ვისაც მოსაწვევები ჰქონდათ, ვერ შემოვიდნენ, მაშინ როდესაც ჩემი ზემოთ ხსენებული "ტიპები" თავისას "ისწორებდნენ" და დარწმუნებული ვარ საერთოდაც აზრზე არ იყვნენ საიდან მოხვდნენ იქ, რას უსმენდნენ ან საერთოდ რა ხდებოდა გარშემო. ალბათ შეუძლებელია ასეთი "ჩეპეების" თავიდან არიდება, მაგრამ ამ "თავიდან არიდების მცდელობა" ხომ მაინც შეიძლება? ... მცდელობა შედგა კიდეც, თუმცა ამას უარესი გაუგებრობები მოყვა, რაშიც კინაღამ მეც აღმოვჩნდი. თუმცა ჯერ მეორე roofის მასალა:






რა მოხდა სახურავზე, vol 1

ეს დაიწყო 30 მაისს. ერთი ჩვეულებრივი კვირა დილის გათენებით. არაფრით განსხვავებული კვირა არ იყო, უბრალოდ თბილოდა და სახლში გაჩერება მთელი დღე ჩემნაირ მთელი კვირის განმავლობაში გადაქანცულ ადამიანსაც კი გულზე შემოეყრებოდა.
წინა რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად შეარდებოდა (არ შეიმჩნიოთ ფეისბუქური ტერმინოლოგია, მაინც ბოლოს ყველა გზა იქით მიდის) Roof Sundayz ივენთი, საკმაოდ გასაიდუმლოებული და დამაინტრიგებელი დახასიათებით, ანუ ადგილი ბოლო დღემდე გასაიდუმლოებული იქნებოდა, ისევე როგორ ლაინ-აფი. ერთადერთი რაც ინტერესს იწვევდა იყო ბევრი საერთო მეგობრის ეთენდინდი და ისევ და ისევ ღია ცის ქვეშ ჩატარების ხიბლი, ანუ სადღაც სახურავზე.
თბილისში რომ ბევრი ივენთისთვის განკუთვნილი სახურავი არ გვაქვს, ამას მაშინვე მივხვდი, როგორც კი ვეცადე გამეხსენებინა მსგავსი ადგილები. და მაინც, ვორჭოფობდი წასვლის თაობაზე, რომ არა ერთი კომენტარი ჩემი-ისევ-და-ისევ-ფეისბუქ-მეგობრისგან, რომელმაც ჩემი საყვარელი სიმღერის ბმულზე დამიწერა კომენტარი რომ სწორედ მის დაკვრას აპირებდა საღამოთი. ივენთი 3 საათზე იწყებოდა და ღამის 12-ის ნახევრამდე უნდა გაგრძელებულიყო. ვინაიდან მიჩვეულები ვართ საწყისი დროების დიდი ამპლიტუდით ვარირებას და თან ამასთან ერთად აშკარად არ უწყობდა მზე ხელს სახურავზე ყოფნას (გასარუჯად ამსვლელებს ხომ არ მივეკუთვნებით), ამიტომ 6 საათის შემდეგ გავედი სახლიდან. ექსპრომტად მეორე მეგობარს შევხვდი, სანამ ველოდი რუსთაველზე ბევრი წრე დავარტყი, ქვევიდან, ზევიდან, პარალელური ქუჩებიდან, ყველა მხრიდან და საბოლოოდ სასტუმრო "თორის" შესასვლელთან მოსაწვევების გარეშე მივედით. ჩემი ფეისბუქის-მეგობარი-დიჯეი ჯერ არ ჩანდა, დაცვა კი ზედმეტად კეთილმოსურნე ჩანდა და რომ გაიგო წუთი წუთზე მოსაწვევი გვექნებოდა, მის გარეშე შეგვიშვა (ეს კეთილმოსურნეობა ეჭვი მაქვს ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებამ გამოიწვია, მაგრამ მთავარი ხომ მაინც შედეგია).
პირველი შთაბეჭდილება იმაზე უკეთესი იყო ვიდრე მოველოდი. არა-ვაკანდური-ყოფილ-ნაით-ოფისური-სახეები უკვე ქმნიდა იმის წინაპირობას რომ აქ საკმაოდ დიდხანს დავრჩებოდი. მუსიკაც სასიამოვნოდ ვიბრირებდა. წინა პოსტში რომ წმინა რიტუალი ვახსენე, იმის გარეშე მივედით და შესაბამისად წყურვილი მკლავდა, ბართან დიდი რიგიც არ იყო და ვოდკა+XL მოვითხოვე. ჩემს გვერდით ორი ბიჭი იდგა, სავარაუდოდ ბარმენის ნაცნობები, ან უბრალოდ შედარებით ცნობადი სახეები. ტენდენციურმა ბარმენმაც არც აცია, არც აცხელა, 3 პლასტმასის ჭიქა გვერდიგვერდ დადგა, ორში ნორმალური და თანაბარი რაოდენობის ალკოჰოლი ჩაასხა, ერთი კი იმის ნახევარი, შემდეგ დაამატა XL და რასაკვირველია ის მესამე ჭიქა მე გადმომცა. არ ვიყავი ეტყობა გახურების ხასიათზე და გამოვართვი (თბილისი ხომ პროვინციული ქალაქია, აჰა თქვენ ერთ-ერთი დამადასტურებელი მაგალითი).
ასე იყო თუ ისე, დრო გადიოდა, ხალხის რაოდენობა შესაბამისად იზრდებოდა, მუსიკა კიდევ უფრო უკეთესი ხდებოდა, ზოგიერთ დიჯეის პირველად მოვუსმინე, სანდერსა დამამახსოვრდა, Ujin Ray, გიო ბებიავა, ზუკამ კეთილი ტრეკები დაუკრა (მაგრამ ის მაინც არა, რასაც დღისით შემპირდა), სუმომ კი ფალკე გაიხსენა და ჩემი სრული აჟიტირება გამოიწვია. ფრედი ხომ პირველი ალტერვიზიის მერე ჩემი აბსოლუტური ფავორიტი გახდა და დიდი იმედი მაქვს თუ ისევ თბილისში არა, სადმე, მსოფლიოს რომელიმე კუთხეში მექნება ბედნიერება მოვუსმინო. იყო რამდენიმე არა გამორჩეული დიჯეიც,
ადგილიდან განძრევა რომ არ მოგინდებოდა, მაგრამ ნუ მაქსიმალისტობას უკან მოვიტოვებ და პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებ.

ბევრი ნაცნობი დავაფიქსირე, ბევრი უცნობი ნაცნობი გახდა. ორგანიზება ივენთს აშკარად არ აკლდა, რაც გეგეშას დამსახურება იყო და იმდენად კმაყოფილი წამოვედი, რომ 100%-ით ვიცოდი შემდეგ ივენთს არ დავაკლდებოდი. წინასწარი ინფოს მიუხედავად, აღმოჩნდა რომ სახურავები ქართველი დიჯეების მუსიკით მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ შეიმოსება.
და ისევ რამდენიმე ფოტო შემთხვევის ადგილიდან:




ამასობაში კიდევ ორი Roof ჩატარდა, თუმცა ამაზე ცალკე და ოდნავ მოგვიანებით.
და ბოლოს ის რასაც აუცილებლად უნდა მოუსმინოთ:

What happened at Lisi Lake

ყველაფერი იმით დაიწყო რომ ფოტოაპარატი მომპარეს. მე - ფოტომანიაკს (დავაკონკრეტებ, არა ფოტოგრაფს). უბრალოდ ჩემი მანიაკალური გატაცება ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში დაიწყო, როდესაც ფოტოაპარატი არ მქონდა და მობილურით ვაფიქსირებდი ხოლმე ამა თუ იმ კადრს და შემდეგ ჩემს My Space გვერდზე ვდებდი. მაშინ ეს სოციალური ქსელი ერთობ ნოვატორული იყო, არც შეედრებოდა Hi5-ს და სხვა ბავშვობებს. მერე, თანდათან, როგორც ყველაფერი სხვა, მანაც გაითქვა სახელი, იმ დონეზეც კი რომ უკვე ალბომების დაჰაიდება დავიწყე, პრივატ ექაუნთზე გადავედი და მრავალ სხვა მაქინაციას მივმართე, რომ შემთხვევით შემობოდიალებულ ვიზიტორს ჩემი ცხოვრების შესახებ ბევრი ვერაფერი ინფორმაცია მიეღო.
ცოტა შორიდან დავიწყე ხომ? ნუ, კარგი, დავუბრუნდეთ იმას რომ ეს ჩემი გაქუცული ფოტოაპარატი, რომელიც ყოველდღე ჩანთაში მედო მიუხედავად იმისა მზე იყო თუ წვიმა, ცუდ განწყობაზე ვიყავი თუ გადასარევზე და როდესაც დავაფიქსირე ის ფაქტი, რომ ჩემი ჩანთა რამდენიმე გრამით მსუბუქი იქნებოდა, მეგონა ჭკუიდან შევიშლებოდი. თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩემმა მეგობარმა უფრო განიცადა მე მგონი ეს ფაქტი. მე კი დამშვიდებული ვფიქრობდი მის შემცვლელზე.
შემცვლელი სულ ცოტა ხანში გამოჩნდა. თავის ფუნქციას მშვენივრად ასრულებს და სულ ცოტა მოდიფიკაციებიც სჭირდება, რასაც იმედია მალე მოვაბამ თავს. ალბათ გაგიჩნდება კითხვა, რა შუაშია ფოტოაპარატი იმასთან, თუ რა ხდება თბილისში. როგორ არ არის? შუაში კი არა თავშია. სად ის შენ თავად რომ აფიქსირებ იმას რაც გარშემო ხდება და სად სხვის გამოდებულ ფოტოებს რომ ათვალიერებ და ფიქრობ რომ ამა თუ იმ მოვლენის აღბეჭდვა შენც შეგეძლო.
მოკლედ, ამ ბლოგის არქივსაც სწორედ იმ მომენტიდან დავიწყებ, როდესაც ჩემი ახალი აპარატით პირველ ივენთზე აღმოვჩნდი. სწორედ მისი დამსახურებაა, თარიღებიც რომ ზუსტად მახსოვს და არ მიწევს Facebook-ზე past event-ებში ქექვა.

სიტუაცია ლისის ტბაზე დაიგეგმა. ზაფხულში ღია ცის ქვეშ მუსიკის მოსმენას რა სჯობს არა? მითუმეტეს როცა წინ ყველა ივენთს დიდი რიტუალები უძღვის, კერძოდ მიხვდებით ალბათ ალკოჰოლით სისხლის გამდიდრებას რომ ვგულისხმობ. მაშინ არც კი გაგვივლია აზრი რომ ჩვენს საყვარელ დემოკრატიულ და ხალხის მოყვარულ ქვეყანაში აიკრძალებოდა და უფრო მეტიც, ჯარიმები დაწესდებოდა ამ კეთილი საქციელისთვის.

იპოდრომიდან ლისზე ტაქსით დავიძარით, ადგილმდებარეობა ზუსტად არ ვიცოდით, რათქმაუნდა არც ტაქსის მძღოლი იყო აზრზე, თბილისელი ტაქსისტების 99% ხომ არათბილისელია. მაშ ასე, ისევ და ისევ ჩვენნაირმა ხალხმა გაგვიკვალა გზა და აღმოვჩნდით (არა)განათებულ მინდორში. ნაცნობებს კი არა საკუთარ თავს ვერ ვპოულობდით, ყველაფერთან ერთად ბევრი მინდორში უხვად იყო ორმოები და რომ არა მანათობელი მობილური ტელეფონები, რწყილი და ჭიანჭველას მაგალითი არაერთჯერადად განმეორდებოდა (ახლაც არ ვარ დარმუნებული რომ რომელიმე თქვენგანმა იქ არ ამოყო თავი).
მუსიკა? განძრევა შეიძლებოდა, თუმცა რამდენადაც ცოტათი მოძველებულ ამბავს ვიხსენებ, ჟღერადობით დიდად კმაყოფილი არ ვიყავი. ყველაზე მეტად Forestის სეტმა წამოიღო ემოციები, თუმცა იქაც ერთგვარი "ჩეპე" მოხდა, როდესაც ე.წ. ვილი ლის ანუ გრინჩს ხმა გაუთიშეს თუ რაღაც ელექტრო პრობლემა იყო, რის შედეგადაც მისი კომენტარი ასე ჟღერდა: "ძლივს გავხურდი და მაინცდამაინც ახლა". ანუ თუნდაც ეს იმაზე მიუთითებს რომ არ იყო იდეალური სიტუაცია გასახურებლად. რამდენიმე ადამიანმა ღია ცის ქვეშ ყოფნას ანტიდოტში წასვლა და ჟორჟიკას მოსმენა არჩია და ჩვენც იქით გვექაჩებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. ვაფიქსირებ ჩემს სუბიექტურ აზრს: ოთხ კედელში გამოკეტვას და ბუღში ხტუნაობას, არჩევანი თუ მაქვს აუცილებლად გარე ივენთებს ვამჯობინებ.
ასე იყო თუ ისე, ბოლომდე მაინც არ დავრჩით, არც გული დამწყვეტია წამოსვლისას. ბოლო დროს დამჩემდა ღამის თბილისში სეირნობა ერთ ან ორ მეგობართან ერთად. არც ის ღამე იყო გამონაკლისი და ღამის 3 საათზე შუა პავლოვზე რამდენიმე ჩვენნაირი მოსეირნე შემოგვხვდა. აღმოვაჩინეთ რომ ისინიც ლისიდან მომავალი ზედმეტად ჩვენნაირები იყვნენ და ერთად გავუყევით გზას.
ხანდახან რა ბედნიერებაა, როდესაც სრულებით უცხო ადამიანები ერთმანეთს უგებენ, ერთად იცინიან, ხუმრობენ და ის შემთხვევითი ურთიერთობა კარგ ნაცნობობაში გადაიზრდება ხოლმე. ასეთ დროს ჰუმანების ბუნებას კიდევ უფრო კარგად ვწვდები. და ბოლოს რამდენიმე კადრი ზაფხულის პირველი დღეების ამ ღამიდან.



და ერთი ვიდეოც, რომელიც ხარისხით ვერ დაიკვეხნის მაგრამ მაინც ყურსაჩინოებისთვის გამოდგება

და მაინც რა ხდება თბილისში?

თბილისი გამოცოცხლდა თითქოს.
 
ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით ემჩნევა გააქტიურება ქალაქს. ჯერ მარტო ქუჩაში სეირნობისას ბევრად მეტ ნაცნობ სახეს ვხვდები, ალბათ ზამთრის სუსხმა და გაზაფხულის გადაუღებელმა წვიმებმა თავისი ქნა და დაუოკებელი მზე უკვე დიდად არავის აწუხებს. კი, ზოგი იმას უჩივის რომ უკვე სუნთქვა შეუძლებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა ქალაქი სავსეა, ქვაფენილები გადათელილი და რაც მთავარია რაც უფრო მეტი ივენთი იდება, მით მეტია მათზე მოთხოვნა.

და მართლაც, რა უნდა გააკეთო ერთ-ერთი პროვინციული ქვეყნის,პროვინციულ ქალაქში გარდა იმისა, რომ ალკოჰოლი შთანთქა ზომიერი და ცოტაც უზომო რაოდენობით და თავდავიწყებით იცეკვო იმის ფონზე კი არა რასაც შენი საყვარელი მუსიკა ქვია, არამედ უბრალოდ მუსიკის ფონზე. რატომ პროვინციული? ამას სულ ცოტა ხანში დავასაბუთებ.

აქ განიხილება ის ძირითადი მოვლენები, რომლების ორგანიზებაც ხდება და რახან გაგონილს , საკუთარი თვალით დანახული სჯობს, ამიტომ თავს არ მოგახვევთ ჩემს აზრს, მაგრამ აი იმას კი აუცილებლად დავაფიქსირებ, რასაც თავად ვხედავ.