Wednesday, June 29, 2011

ალტერვიზიის დაბრუნება 1-წლიანი პაუზის შემდეგ

შარშანწინდელი ალტერვიზია და მის გარშემო ატეხილი დიდი ხმაური როგორ შეიძლება ვინმეს ყურამდე არ მისულიყო. ჯერ მარტო ის რად ღირდა რომ პირველად საქართველოში ჩატარდა ასეთი მასშტაბური ფესტივალი, საკმაოდ კარგი შემსრულებლების მონაწილეობით და თანაც ეს ყველაფერი სრულებით უფასოდ! after party ნაით ოფისში იყო და ყველაფერმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე.

წელს როგორც კი გაირკვა რომ ალტერვიზია ბრუნდებოდა, მოლოდინი ძალიან დიდი იყო. რასაკვირველია, ყველა ელოდა, რომ კიდევ უფრო უკეთესი და ცნობილი ჯგუფები მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ შედეგმა მოლოდინი არ გაამართლა და ალტერვიზია ჰოლივუდური ბლოკბასტერების სიქველივით უფერული აღმოჩნდა.

როდესაც ლაინ-აფი გამოქვეყნდა, ჩამოვუყევი ყველა უცხოურ ჯგუფს, რომ აზრზე ვყოფილიყავი ლაივში რას მოვუსმენდი, მაგრამ რად გინდა..ერთი ჯგუფის ერთ სიმღერასაც კი ვერ მოვუსმინე ბოლომდე და ისევ ადგილობრივი მუსიკოსების გამო თუ გადავწყვიტე მისვლა.

შაბათს წვიმიანი და წუნტლიანი ამინდის მიუხედავად იპოდრომზე საკმაო ხალხმრავლობა იყო, თუმცა ხალხის უმეტესობა მე მგონი თვითონ იპოდრომზე კი არა მის შემოგარენში უფრო შეინიშნებოდა. არ ვიცი ეს იმან გამოიწვია რომ ამჯერად შესვლა ფასიანი იყო და 5 ლარი დაენანათ მელომანებს თუ უბრალოდ არც ისინი იყვნენ დიდად აღფრთოვანებულები მონაწილეებით..მე მგონი მიზეზი მაინც ეს უკანასკნელია.

სველ ბალახზე დავსხედით, ლაპარაკში გავერთეთ და ერთადერთხელ მომინდა სცენასთან მისვლა, Me and My Monkey-ს დროს , სამწუხაროდ ნიკა კოჩაროვის ახალმა პროექტმა Z for Zulu დიდად არ აღმაფრთოვანა და არც დამამხსოვრდა, არადა ბავშვობაში YGLის სიყვარული ჯერ კიდევ შემორჩენილი მაქვს. სამაგიეროდ დამამახსოვრდა კომენტარები, რომლებსაც ნიკა სცენიდან ისროდა და ფსევდო თუ რეალურად თავისუფალი თინეიჯერობა მასთან ერთად სკანდირებდა.

საკითხავი ისაა, ამ შემთხვევაში ამართლებს თუ არა დიდად გავრცელებული კომენტარი, რომ რაღაც მაინც გაკეთდა და სულ არაფერს სჯობს. შეიძლება სულ არაფერს მართლაც სჯობდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამაზე უნდა გაკეთდეს გათვლა, ასე ხომ ყოველთვის სულ არაფერზე ოდნავ უკეთეს მაგრამ მაინც არაღირებულ პროდუქციას მივიღებთ.

მეორე დღეს არ მივსულვარ და მგონია რომ დიდი არაფერი დამიკარგავს. არადა ჩემი თავისგან მიკვირს რომ ამ ლაივს ისევ მრავალჯერ დატრიალებული Roof Sundayz-ს ტრეკები ვამჯობინე.



No comments:

Post a Comment