Wednesday, June 29, 2011

რა ხდებოდა ველოდრომზე Second Life Fest

ივნისი ნამდვილად დატვირთული თვე იყო სხვადასხვა ღონისძიებებით. ამჯერად 5 ივნისს დავუბრუნდები და Second Life Festival-ს გავიხსენებ.

ივენთი თავდაპირველად 4-ში ანუ შაბათს იყო დაგეგმილი. ვინაიდან შარშან ჭიათურაში ვერ მოვახერხე წასვლა (ვისაც არ გსმენიათ, იგივე ფესტივალის პირველი ადგილმდებარეობა სწორედ ჭითურაში გახლდათ), ამიტომ წელს ველოდრომზე წასვლა უმიზეზოდ გადავწყვიტე. რკინიგზელთა სახლის ბაღში ცოტა ხნით შევიკრიბეთ, მაგრამ თანდათან ცას ფერი შეეცვალა და 6 საათისთვის კინაღამ უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა, მერე კი ისეთი თავსხმა წვიმა წამოვიდა, თავის შეფარებამაც არ გვიშველა და საკმაოდ გავილუმპეთ. ამასობაში მობილური ინტერნეტის საშუალებით ფეისბუკზე დაწერილ სიახლეებს ვამოწმებდით, აღმოჩნდა რომ რამდენიმე ადამიანი ადგილზე იმყოფებოდა და წყდებოდა ფესტივალის ჩატარება-გადადების ამბავი, საბოლოოდ 8 საათისთვის გაირკვა რომ ივენთი მეორე დღეს ანუ კვირას გადაიტანეს.

საბედნიეროდ, არც კვირას მქონდა რამე დაგეგმილი. 6 საათის ნაცვლად ივენთის დაწყების დრო 3 საათი იყო და ჩვენც დიდად არ დაგვიგვიანია მისვლა, მითუმეტეს რომ მზიანი ამინდი არ იყო და ველოდრომზე დახრუკვა არ გველოდა. ადგილმდებარეობა რთული მისაგნები არ აღმოჩნდა, წინასწარ დაიწერა, რომ თვითონ სფოთზე მოწევა აკრძალული იქნებოდა. ძალიან დამაეჭვა რომ ამას ვინმე გაითვალისწინებდა, მითუმეტეს თუ ქართველების წესებდაუმორჩილებებს გავიხსენებთ და სასიამოვნოდა გაკვირვებულიც კი დავრჩი რომ დაცვა მკაცრად აკონტროლებდა სიტუაციას და შესაბამისად ფაქტიურად ყველა იქ მყოფი საზღვრებს გარეთ იკმაყოფილებდა ნიკოტინის მოთხოვნილებას, მათ შორის მეც.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ადრე მივედით, ივენთი დაწყებული იყო, ხალხი კი არ მოდიოდა. იტყვით ალბათ, რაოდენობა ხარისხს არ განსაზღვრავსო, მაგრამ როდესაც იცი რომ ასეთი ფესტივალი ტარდება (თუმცა ერთდღიან ღონისძიებას მეც ფესტივალს ნაკლებად დავარქმევდი), რომელიც უფასოა და თან ადგილმდებარეობაც მოსახერხებელი და ნოვატორულია, მერე დაფიქრდებო იმაზე, აბა რა სურს ხალხს და როგორი ღონისძიებები დააინტერესებთ თუ ასეთი არა.

ალკოჰოლის დანაკლისს იქ მყოფნი ლუდით ვივსებდით, თუმცა არჩევანი ორგანიზატორებმა მხოლოდ ქარვაზე შეაჩერეს, ისიც საკმაოდ თბილზე და შესაბამისად წყურვილი დიდად დავიკმაყოფილე მეთქი, ვერ ვიტყვი, თუმცა ფასები საკმაოდ მისაღები იყო.

ძალიან დიდი ხანი დასჭირდა ხალხს გასახურებლად და მხოლოდ ჩამობნელების შემდეგ თუ დაიწყო მოძრაობა. დიჯეების პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, განათება - შთამბეჭდავი. პირველი არხის წამყვანი თითქმის მთელი საღამო ადგილზე ტრიალებდა და შიგადაშიგ იქ მყოფებთან კომენტარებს წერდა, მეც კი მომწვდა და თავის არიდება უკვე გვიანი იყო, ასე რომ მაივიდეოზე ამავე ივენთის სიუჟეტში თვალის შევლება შეგიძლიათ.

შემდეგი "მეორე სიცოცხლე" ამ შაბათ-კვირას უკვე წყალტუბოში იგეგმება. ძალიან მინდა არ გამოვტოვო, თუმცა იმდენად არ ვემეგობრები დიდ მანძილზე მგზავრობებს (გადაფრენები არ იგულისხმება) რომ შეიძლება სამწუხაროდ დავაკლდე.

ეს კი ფოტო მასალა:





No comments:

Post a Comment