Wednesday, June 29, 2011

ლუდის ფესტივალი და ამბავი თუ რატომ ვერ მოვხვდი ლისის ტბის ივენთზე

ზაფხული, მზე და ლუდის ფესტივალი..განსაკუთრებით მაშინ როდესაც გერმანელი გოგოები გემსახურებიან, ურიგო არაა ხომ? დიახაც, გერმანელი გოგონების სანახავად უფრო მივედი მგონი ფესტივალზე, ვიდრე ლუდის დასალევად..მითუმეტეს რომ შარშან წყალგარეული ლუდით გაჭყიპვა მომიწია. ბოლო შაბათ-კვირას ანუ 24-25 ივნისს ქალაქში ზუსტად ლუდის დღეობა აღინიშნა.

პირველი ფაქტი, რომელიც დავაფიქსირე, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, არის გატენილი სუპერმარკეტი "ზემელი", სადაც ჩვენ უფრო ძლიერი ალკოჰოლის, უმრავლესობა კი უბრალოდ ლუდის საყიდლად იყო შესული, რომ გაბოთლილი ლუდი ლუდის ფესტივალზე დაელიათ. კომენტარებისგან თავი ვერ შევიკავე და გამოვთქვი ჩემი არცთუ უმიზეზო აღშფოთება, რასაც ჩვენს წინ სალაროს რიგში მდგომი ორი ბიჭი გამოეხმაურა და გვამცნო რომ ფესტივალზე არათუ წყალგარეული, არამედ თბილი ლუდი იყიდებოდა და თანაც იმხელა რიგები იდგა, იმ რიგში დგომას სუპერმარკეტის სალაროსთან ლოდინი ერჩიათ. სიტუაცია არასაიმედო იყო, თუმცა მაინც არ დავიჯერე ბოლომდე და იმედი დავიტოვე რომ ერთი კათხა ლუდი მაინც შემხვდებოდა ფესტზე და შესაბამისად თავად გამოვიტანდი დასკვნებს.

მოდი ცოტა გადავხტები მოვლენებს და აქვე ავღნიშნავ რომ ორი ჭიქა ლუდიდან, ერთი ქაფით იყო სავსე და წვეთი ლუდი არ შემხვედრია, მეორე ჯერზე საბედნიეროდ უფრო გამიმართლა და რამდენიმე ყლუპი სითხე მოვწრუპე.

რა არის ლუდის ფესტივალი მუსიკალური თანხლების გარეშე. შარშანდელ წელს ორგანოზატორებს ალბათ იმდენად დააკმაყოფილათ ლაინ-აფმა რომ წელსაც არ უცდიათ დიდად მოდერნიზება და კვლავ მგზავრები, ფრანი, სალომე კორკოტაშვილი და მსგავსი ბანალობები შემოგვთავაზეს. შესაბამისად, დიდად არ შემიწუხებია თავი სცენის თვალთვალით და უბრალოდ ადამიანების დაფიქსირება გადავწყვიტე. არც ის მგონია, რომ იქ მყოფები იყვნენ მისული მუსიკის მოსასმენად. გულს უხაროდა, ამ უბედობის ჟამს, როდესაც გარეთ ალკოჰოლის მოხმარება აკრძალეს, ამდენი ცარიელი ლუდის ჭიქების დანახვა. ჩემმა მეგობარმა ფესტივალის ტერიტორიაზე კოლა შეიტანა და მაშინვე სანაგვეში გადააგდებინეს, ვითომდა არ შეიძლებაო, ვითომდა უალკოჰოლო კოლა ლაითი ლუდს გაუწევდა კონკურენციას. ლოგიკა უცნობია, მაგრამ რკინასავით მაგარი, როგორც ყოველთვის.

უკვე ღამე იყო რომ ლისის ტბისკენ წავედით, სადაც დიდი ივენთი იგეგმებოდა და თანაც საკმაოდ ხალხმრავალი. გული დამწყდა, რომ მიუხედავად ადგილზე მისვლისა, შიგნით ვერ შევედი. ჯერ ერთი დიდი რიგი იყო და მე და რიგები ვერ ვმეგობრობთ, ეგეც რომ არ იყოს, სხვა გეგმების გაზიარება მომიწია და შესაბამისად იმ დროის განმავლობაში როდესაც ქვევით შესანიშნავი განათებების და მუსიკის ფონზე ასობით ადამიანი ენერგიით დამუხტული სხვადასხვა მოძრაობებს აკეთებდა, მე ჰარდ როკს ვუსმენდი მანქანაში. ხდება ხოლმე ხანდახან, ძველი დრო მაინც გავიხსენე.

ეს კი ლუდის ფესტივალის ანაბეჭდები ჩემს აპარატში:





P.S.: ლუდი მაინც რომ ყოფილიყო უკეთესი, მეორე დღესაც მივიდოდი, მაგრამ 1 ლარად ალბათ თბილისში მეტს არც არაფერს არ უნდა ელოდო

No comments:

Post a Comment