Wednesday, June 13, 2012

"ვიტამინი" და კეთილი ვიტამინჩიკები თბილისში

იქ გრილა, ისე გრილა რომ პლედების გარეშე შეიძლება მიეყინო, წვიმა და ავდარი (ნუ თუ კენჭების ტოლი სეტყვა არ დაგვესხა თავს) ვერაფერს გვერჩის, იქ არის ჭადრაკის დაფა (ისეთი კი არა ბაბუები ვაკის პარკში რომ თამაშობენ), რბილი და დიდი და ფუმფულა პუფები და კარგი ლუდი (პიცა დიდად არ მომეწონა, ვერ დავმალავ). მოკლედ,  პუფზე გაწოლილი, ფეხზე რომ ბალახი გეხება, ცას თუ ახედავ ნამდვილად იფიქრებ რომ თბილისიდან რამდენიმე ათეული ან თუნდაც ასეული კილომეტრით ხარ მოშორებული. არა, მე მგონი არ ვაზვიადებ და არც ესაა რეკლამა, უბრალოდ ეს შეგრძნება დამეუფლა, როდესაც კვირას წავედით "ვიტამინში" (კვარიათის "ვიტამინის" მინი-ვარიანტი). მისადგომადაც ძალიან ადვილია, სულ არ არის საჭირო საკუთარი მანქანის ყოლა, ვაკის პარკიდან როგორც კი აუხვევ, იქვეა სასტუმრო "მუზა", ხოლო "ვიტამინჩიკი" მის ეზოშია.

ჩემი ძირითადი მიზანი "ვიტამინში" ასვლის იყო ევრო 2012-ის მატჩის ტრანსლაცია, კერძოდ იტალია-ესპანეთი თამაშობდა და გულშემატკივართა შორის რამდენიმე იტალიელიც იმყოფებოდა, რამაც დიდად ვერ აღმაფრთოვანა, ვინაიდან სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) ესპანეთს ვგულშემატკივრობდი. ეს მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თორემ ისე ......... გულშემატკივარი ვარ (აბა რომელი ქვეყნის თუ მიხვდი?).

ერთი სიტყვით, თავიდან მატჩს ვუყურებდით მცირე ბრტყელ-ეკრანიანი ტელევიზორის ეკრანზე ბართან, რამაც თითქოს დაგვთრგუნა, მაგრამ დაგვამშვიდეს რომ დაბნელდება დიდ მონიტორებს ჩავრთავთო, ასე რომ სულ რაღაც ერთი ტაიმი მოგვიწია ასე ყოფნა. ფასები კატასტროფული არ იყო, პირიქით, სამი ლუდი "კრუშოვიცა" ავიღეთ და მეოთხე საჩუქრადაც კი მოგვიტანეს.

შემდეგ უკვე დაიწყო განცხრომა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, აი ერთი იმის იმედი მაქვს რომ ტექნიკური პრობლემები აღარ ექნებათ იმიტომ რომ ორი ეკრანიდან ერთ-ერთი (მაინცდამაინც ჩვენ რომლის წინაც ვიჯექით..კი არა წამოვწექით) ითიშებოდა  მუდამ, სიგნალი არ იყოს და ჩვენც ერთხმად - " აბა ყველა ვიყურებით მარცხნივ" რეჟიმში ვიმყოფებოდით.

მოკლედ, თუ პაბებში, ღრიანცელში, ხმაურში, ლუდის ჭიქების ჭახუნში, დახურულ სივრცეში, სიგარეტის კვამლითა და როხროხით "მოპირქეთებულ" ადგილში არ გიზიდავთ ფეხბურთის ყურება, ხოლო მატჩის მერე საკმაოდ ყურადსაღები ვიზუალების და ლაუნჯ მუსიკის მოსმენა კარგად გეჩვენებათ, "ვიტამინში" მისვლა უნდა სცადოთ. ოღონდ ერთი პირობით - თუ მოგეწონათ, მეც შემომძახეთ ერთი-ორი სიტყვა, გამიხარდება.












No comments:

Post a Comment