Saturday, June 16, 2012

შაბათობა ქალაქში

შაბათის სწრაფი პრევიუს გაკეთება მომიწევს, თან ძალიან სწრაფის.
ჯერ იმას ვიტყვი, რომ გუშინ გამოვაწყვეთ საკმაოდ მშრალი "პარასკევობა" ვაკის პარკში, რომელიც მშვიდობიანად, ყოველგვარი კლუბების და სხვა ექსცესების გარეშე დასრულდა, მაგრამ კმაყოფილების დონე მაინც მაღალი იყო.

დღეს მე მგონი ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ადამიანს არც ვაკის პარკში წყნარად ჯდომა მოუნდეს და არც სახლში გაუჩერდეს გული. ფავორიტით დავიწყებ:

- "დივანი", სადაც ორი სუპერ-პუპერ-მეგა ბენდი MAMM და KFJ გამოვლენ. მოდი არ დავიწყებ ბევრ საუბარს მუსიკალურ ღირებულებებზე და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩემი პერსონალური მოსაზრებით ტეტეც და ზომბიც აკეთებენ იმ მუსიკას, რომელიც არის კომერციულიც და გემოვნებიანიც, რაც მეტმა ვერავინ მოახერხა დღევანდელ ქართულ ბაზარზე ამ ბოლო პერიოდში. აი ასე. 

- სულ რაღაც დღეს დილით შემთხვევით გავიგე რომ cafe 30-ში ბაკურ ბურდულის საღამო იქნება. უცბად ნოსტალგიური მომენტი ვიგრძენი, აი რომ ზიხარ და უცბად რაღაც ფიქრების და მოგონებების ღრუბელი ინთება შენს უკან, კადრები და მელოდიები ერთმანეთს ცვლის, შენ კი თავს აყოლებ მათ რითმს. მოკლედ, დიდი სიამოვნებით შევივლიდი.

- ჩემს კიდევ ერთ ფავორიტ ადგილას - "ვიტამინში" SvanSikh იმღერებს. ჩანაწერები მოსმენილი მაქვს, ლაივზეც ვიცი რომ ნანახი მყავს ეს ჯგუფი, მაგრამ ვერ აღვიდგინე სად იყო და როდის, შესაბამისად არც არაფერი ღირებული არ დამამახსოვრდა. აქაც წავიდოდი დიდი სიამოვნებით ბევრი "მე" რომ არსებობდეს.

- შემდეგ უკვე მოდის კლუბი Unique, რომელიც ვარიანტებში არ იქნებოდა განხილული The Forest რომ არ უკრავდეს ვაკოსთან ერთად (აი ის სულ  Vako T რომ წერია და ბევრისთვის მისტიკურად რჩება რატომ T, არადა სულ უბრალო მიზეზია, ტაბატაძეა გვარად). მე თუ მკითხავ ბაჩი და ვაკო ერთად რომ იყვნენ სულ სხვა იყო ლაივები, არც ახლაა ურიგო, ჩემთვის მაინც წამყვანი პოზიციები უჭირავთ.

- გალერის არ იკითხავთ? დღეს დაბადების დღე ქონიათ და მთელი ბუკეტია ჩვენი საყვარელი რეზიდენტების - გიო შენგელია გინდა, თომა, ჟორჟიკა, ბაჩო და კობერტი, ყველა დაუკრავს, დილამდეც გაართობენ ხალხს და რახან კვირაა შეიძლება სულაც გადააბან და ხვალ დეი ფართიც იყოს ("ყველაზე უძინრების" ფეისბუქ ჯგუფს ჩაეყრება ალბათ საფუძველი), ადრე არ ყოფილა თუ?

P.S.: თუ ვინმე არტ-კლუბის გახსნას დაესწარით და მარიამ სიჭინავას ფოტოგამოფენაზე მოხვედრა გინდოდათ, მაგრამ მოწვეულ სტუმართა სიაში არ იყავით და ვერ დაათვალიერეთ მისი ნამუშევრები, ეს დღეს შეიძლება გამოასწოროთ იმიტომ რომ ამიერიდან ყველა ადამიანი თანაბარი ხდება და დასწრება თავისუფალია.

გამიხარდება თუ თქვენს არჩევანს დააფიქსირებთ აქვე ან ჩვენს ფეიჯზე:


No comments:

Post a Comment